ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, ელჩი ალექსანდრე ვერშბოუ 29–30 იანვარს საქართველოს ეწვევა.
იგი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით დონდუას შეხვდება.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან ილია მეორესთან.
ვიზიტისას ის ასევე ეწვევა ვაზიანის მე-4 მექანიზირებულ ბრიგადას.
საქართველოს ოფიციალური პირების თქმით, შეხვედრებზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება თანამშრომლობის „არსებითი პაკეტის“ განხორციელება, მათ შორის ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა საქართველოში, რომელიც ნატომ საქართველოს უელსის სამიტზე შესთავაზა სექტემბერში.
ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიას დაესწრება და სიტყვითაც გამოვა.