ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე თბილისში მოლაპარაკებებს მართავს

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ 29 იანვარს თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლებს და დეპუტატებს შეხვდა, რათა რეფორმების და ნატოს მიერ საქართველოსთვის უელსის სამიტზე შეთავაზებული თანამშრომლობის არსებითი პაკეტის განხორციელება განეხილა.

პაკეტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში ერთობლივი „საწვრთნელი და შეფასების ცენტრის“ შექმნას.

„საქართველო და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ცენტრი წლის ბოლოსთვის გაიხსნას და შეუდგეს მუშაობას“, – განაცხადა ვერშბოუმ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

„ის დაეხმარება საქართველოს, რომ უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის რეფორმირება, მოდერნიზაცია განახორციელოს და გააძლიეროს ის; და ის ასევე ღია იქნება ნატოს სხვა მოკავშირეებისთვის და ნატოს სხვა პარტნიორებისთვისაც, ვინაიდან საქართველოს გეოგრაფია და მისი შეიარაღებული ძალების მაღალი ხარისხი ერთად ქმნიან უნიკალურ შესაძლებლობებს, რათა პარტნიორების და მოკავშირეების ფართო ჯგუფი ერთად გაიწვრთნას და ხელი შეეწყოს თანამშრომლობას და თავსებადობას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ის ამ ცენტრის განთავსების ერთ–ერთ პოტენციურ ადგილს 30 იანვარს ეწვევა.

„ის [ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი] ასევე იქნება თვალსაჩინო დემონსტრირება ნატოს ერთგულებისა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ვერშბოუმ.

პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მიესალმა საქართველოს, როგორც „უსაფრთხოების ექსპორტიორს“, მისი  „ღირშესანიშნავი დემოკრატიული და თავდაცვითი რეფორმების“ გამო.

„ამრიგად, დღეს ჩვენ უფრო მომწიფებულ დემოკრატიას ვხედავთ აქ, საქართველოში“, – განაცხადა მან, „დიდად მივესალმები ამ ქვეყნის ლიდერების გადაწყვეტილებას, რომ განაგრძონ ეს კურსი. მოვუწოდებ ყველა მხარეს, ყველა ქართველს ითანამშრომლონ ამ ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ინსტიტუტები უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ“.

„პრიორიტეტს წარმოადგენს რეფორმების განხორციელება ყველა სფეროში, არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში; ეს ნიშნავს მკაფიო ვალდებულებას კანონის უზენაესობის მიმართ, ყველა დონეზე მმართველობის გაუმჯობესების მიმართ“, – განაცხადა ვერშბოუმ.

პრემიერ–მინისტრმა გაიმეორა, რომ ნატოში ინტეგრაცია არის „ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ“.

29 იანვარს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ასევე შეხვდა თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს; სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს; პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და დეპუტატებს მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან, მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს „საკმაოდ ამბიციური გეგმები“ აქვს ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის ფარგლებში.

„დღეს მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის მხრიდან სრული მზადყოფნა წევრების, რომ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ცხადია ჩვენ შევეხეთ რეგიონში არსებულ ვითარებას… საფრთხეები ჩვენს რეგიონში გაიზარდა, არ შემცირებულა“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ამ კონტექსტში ასევე იქნა განხილული უკრაინაში არსებული ვითარება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებობს კონსენსუსი, რომ „საქართველოს კურსს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით ალტერნატივა არ აქვს“.   

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ყველასთვის… ეს გზავნილი კიდევ ერთხელ უნდა გავუგზავნოთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ქართველ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა: „ხაზი გავუსვით, რომ ჩვენ გვინდა მუშაობა ყველა პოლიტიკურ ძალასთან საქართველოში, რათა დავეხმაროთ მათ საქართველოს წაყვანაში ნატოს ღია კარისკენ მიმავალ გზაზე“.

„ბევრი რამ, რაც უნდა მოხდეს აქ დემოკრატიული რეფორმების, სასამართლო სისტემის რეფორმირების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის რეფორმირების თვალსაზრისით – ყველა ამ საკითხმა უნდა გააერთიანოს ასევე პოლიტიკური პარტიებიც, ვინაიდან ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული სისტემის გაძლიერებაში, რაც ნატოს წევრობისთვის მზადების თვალსაზრისით ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო თავსებადობა“, – განაცხადა ვერშბოუმ.