პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა
მთავრობის განკარგულებით მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი სავარუდო დანაშაულების გამოძიებაზე იმუშავებს.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, მის უწყებაში შესულია „ათასობით განცხადება სამართალწარმოების განხორციელების პროცესში მოქალაქეების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, იძულების, აგრეთვე ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტების არსებობის შესახებ“.
„ახლადშექმნილი დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ახალი დეპარტამენტის საქმიანობის სხვა დეტალების საჯარო პრეზენტაცია თებერვალში იგეგმება.
ამგვარი დეპარტამენტის შექმნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეკემბრის ბოლოს დააანონსა და თქვა, რომ მთავრობა თებერვლის ბოლომდე წარადგენდა „კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება და დასრულებაც“.
„სამართლიანობის აღდგენის“ თაობაზე ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირების ფარგლებში, მთავრობამ ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში შეიმუშავა ინიციატივა, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას ითვალისწინებდა წინა ხელისუფლების დროს გამოტანილი სადავო განაჩენების გადახედვის მიზნით. თუმცა მთავრობამ ამ კანონპროექტის განხილვა იმ ერთადერთი მოტივით შეაჩერა, რომ სახელმწიფო არ იყო მზად მოსალოდნელი ფინანსური კომპენსაციების გასაცემად.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე კვირას ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ძალიან გაჭიანურებულ“ სამართლიანობის აღდგენის პროცესს მინიმუმ 1 მლრდ ლარი დასჭირდება.