თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 4–5 თებერვალს ნატოს შტაბ–ბინაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტისას მინისტრი ჯანელიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. 

5 თებერვალს ალიანსის შტაბ–ბინაში თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს, მათ შორის იმ არსებითი პაკეტის განხორციელების "დეტალებს" განიხილავენ, რომელიც ალიანსმა საქართველოს სექტემბრის უელსის სამიტზე შესთავაზა.

„პარტნიორი ქვეყნები პაკეტის განხორციელებისთვის საჭირო არსებულ რესურსებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ“, – იტყობინება თავდაცვის უწყება.

ამავე ცნობით, მინდია ჯანელიძე კოლეგებთან მიმოიხილავს რეგიონში  უსაფრთხოების გარემოს და არსებულ გამოწვევებს, ასევე გააცნობს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ, ბრიტანელ, ლიტველ, პოლონელ, რუმინელ და ბელგიელ კოლეგებთან, თავდაცვის უწყების თანახმად.