ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების საქმეები ნაფიც მსაჯულთა განსჯადი აღარ იქნება
ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების სისხლის სამართლის საქმეები ნაფიც მსაჯულთა განსჯადი აღარ იქნება, პარლამენტის მიერ 4 თებერვალს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირველი მოსმენით 74 ხმით 16-ის წინააღმდეგ მიღებული ცვლილებების თანახმად.
ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფის მიერ ინიცირებული ამ კანონპროექტით მათ მიერვე ორი წლის წინ მიღებული წესი უქმდება.
2013 წლის იანვარში პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა იმ საქმეებზეც გააფართოვა, რომლებშიც ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები ფიგურირებენ; ამასთან, ბრალდებულს დარჩა უარის უფლება მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვაზე.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ქართული ოცნებიდან გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო განხილვის დროს განაცხადა, რომ ამ წესის უკან წაღების მოტივი არის ის, რომ „არასწორი“ და „დიკრიმინაციულია“ ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის პირთა წრის მიმართ გავრცელება; მეორე არგუმენტად მან ასევე დაასახელა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის რთული წესი, რაც მისი თქმით, სწრაფ მართლმსაჯულებას ხელს უშლის.
დეპუტატმა ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატებიდან“ შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ მისი ფრაქცია არ უჭერს მხარს ამ ინიციატივას და სანაცვლოდ სთავაზობს დებულების იმგვარ მოდიფიცირებას, რომ ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა გავრცელდეს არა თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ ყველა სახის დანაშაულზე, არამედ შემოისაზღვროს მხოლოდ სამოხელეო დანაშაულებით.
პირველი მოსმენით არც ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რადგან მასში არ იყო მკაფიო ჩანაწერი, რომ მას ამოქმედების შემდეგ უკუქმედების ძალა არ ექნებოდა.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კიდევ ერთ ცვლილებას, რომელიც სასამართლოს მიერ დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას ნერგავს.
ამავე კანონპროექტის ნაწილი იყო დებულება, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სამართალდამცავებს ჩხრეკა-ამოღების პროცედურის ნებართვის გარეშე ჩატარების უფლებას აძლევდა, თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან ამ წესის გაპროტესტების შემდეგ, ეს ნორმა ამოღებული იქნა კანონპროექტიდან.