ბაიდენი მიუნხენში საქართველოს პრემიერ–მინისტრს შეხვდა
აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 8 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა პრემიერ ღარიბაშვილთან განიხილა „უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ზემოქმედება ევროპის უსაფრთხოებაზე, ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოუწოდა საქართველოს, რომ განაგრძოს დემოკრატიულ რეფორმებზე ფოკუსირება“.
პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა შეხვედრას „ძალიან ნაყოფიერი" უწოდა.
„ჩვენ განვიხილეთ ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები, უსაფრთხოების საკითხებში, ენერგეტიკის საკითხებში, ზოგადად ამერიკა–საქართველოს ურთიერთობები. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. ამერიკა ნათლად ხედავს იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, პრობლემები ჯერ კიდევ რჩება საქართველოში, როგორიც არის ეკონომიკური პრობლემები თუ სხვა. მაგრამ ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმები და ხედვა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს პრობლემები. ჩვენ გვაქვს ყოველთვის ამერიკის მხარდაჭერის იმედი და კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ღიად ამის თაობაზე, რომ ჩვენ კიდევ მოველით ამერიკისგან ღია მხარდაჭერას, იქნება ეს ჩვენი ევრო–ატლანტიკური მისწრაფება და არჩევანი“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში შეხვედრის შემდეგ.
„ასევე ჩვენ შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, განვიხილეთ უკრაინის კრიზისი საქართველოსთან მიმართებაში, როგორ განვითარდება მოვლენები. რამდენიმე სცენარზეც ვისაუბრეთ, ზოგადად. ეს საფრთხეები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენ ვიმყოფებით ამაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ზოგადად ის, რომ სწორ მიმართულებაზე ვდგავართ, ეს თვითონ ვიცე–პრეზიდენტმა აღნიშნა ხაზგასმით, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, სწორი მიმართულებით მივდივართ ჩვენ, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება და ამას სჭირდება თანმიმდევრულად მიყოლა და ბოლომდე მიყვანა და ამაში ჩვენ გვაქვს ამერიკელების მხარდაჭერის იმედი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.