ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა

ქართველი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

დავით საყვარელიძე საკადრო პოლიტიკის, რეფორმების და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს უხელმძღვანელებს, განაცხადა უკრაინის გენპროკურორმა ვიქტორ შოკინმა 16 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

33 წლის საყვარელიძეს, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო 2010–2012 წლებში, ხოლო 2009-2010 წლებში თბილისის მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა, უკრაინის ანტი–კორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზეც ჰქონდა განაცხადი შეტანილი; იგი იმ 161 კანდიდატს შორისაა, რომელთაც ამ თანამდებობის დაკავება სურთ.    

საყვარელიძე, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობის დაკავების გამო  საქართველოში დეპუტატის მანდატს დაკარგავს, საქართველოს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების ჯგუფს შეუერთდა, რომელთაც უკრაინის მთავრობაში და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიკავეს პოსტები.

13 თებერვალს საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა და რომელიც იძებნება საქართველოს ხელისუფლების მიერ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის მრჩევლად და რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა ანალოგიური პოსტი დაიკავა უკრაინაში, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. გია გეწაძე, რომელიც 2005 წლის შუა პერიოდამდე სააკაშვილის ადმინისტრაციაში სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობებს იკავებდა, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. უკრაინის იუსტიციის სამინისტროში ასევე დაიწყო მუშაობა საქართველოს კიდევ სამმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)