ივანიშვილი რესპუბლიკურ პარტიას აკრიტიკებს

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია ქართული ოცნების წევრი რესპუბლიკური პარტია, როგორც მან განაცხადა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის და მმართველი კოალიციის ყოფილი პარტნიორის ირაკლი ალასანიას „მხარდაჭერისა“ და როგორც ჩანს, საყდრისის ოქროს საბადოს თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.

16 თებერვალს „კვირის პალიტრაში“ დაბეჭდილ ვრცელ ინტერვიუში მან მოკლედ ახსენა რესპუბლიკური პარტია და განაცხადა: „რესპუბლიკელები, რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე რომ კომისიას ქმნიან".

ივანიშვილს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც დეკემბრის ბოლოს 58 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიზანშეწონილად მიიჩნია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც საყრდისის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოიკვლევდა და შეისწავლიდა ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG–სთვის ნებართვის გაცემის საკითხს, რომლითაც კომპანიას საყდრისში, რომელზეც ზოგიერთი არქეოლოგი ფიქრობს, რომ უძველეს ოქროს მაღაროს წარმოადგენს, მომპოვებელი საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.

ქართული ოცნების ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებმა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების დეპუტატებთან ერთად.

მართალია საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილებისთვის 58 ხმა საკმარისი იყო, მაგრამ კომისიის დაკომპლექტებას ცალკე კენჭისყრა და 150–წევრიანი პარლამენტის სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მიუხედევად იმისა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა გადაწყვეტილია, ქართული ოცნების იმ დეპუტატებს, რომლებიც ამის წინააღმდეგ არიან, შეუძლიათ მეორე კენჭისყრაზე დაბლოკონ პროცესი და არ მისცენ ხმა კომისიის დაკომპლექტებას. 

16 თებერვალს ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს დეპუტატების შეხვედრის შემდეგ, დეპუტატმა ამავე პარტიიდან ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ ფრაქციის ბევრი დეპუტატი არ დაუჭერს მხარს კომისიის ფუნქციონირების დაწყებას.

საგაზეთო ინტერვიუში ივანიშვილმა ასევე გააკრიტიკა ალასანია, რომლის თავისუფალმა დემოკრატებმა ნოემბერში მმართველი კოალიცია დატოვეს, და განაცხადა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის რიტორიკა ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას ჰგავს. ნაციონალური მოძრაობის შესახებ მან კვლავ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიას „სურვილი აქვთ, საქართველო ცეცხლის ალში იწვოდეს“, მაგრამ ისინი ამას ვერ მიაღწევენ. მან იქვე დასძინა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვს.

იმავე ინტერვიუში ივანიშვილს მისი იმ განცხადების თაობაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, მისი ორგანიზაცია „2030“ მოამზადებს „საინტერესო კვლევას“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას, ასევე საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ხელმძღვანელის ეკა გიგაურის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის შესახებ. ეს უკანასკნელი ამჟამად პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩეველია ადამიანის უფლებათა საკითხებში. ერთობლივ განცხადებაში ათობით  არასამთავრობო ორგანიზაციამ დაგმო, როგორც მათ აღნიშნეს, „არაფორმალური მმართველის“ ეს „მუქარის შემცველი განცხადება“.  

„მე ვთქვი, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან გვაქვს კითხვები და ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი მოყვა“, – უპასუხა ივანიშვილმა, „კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ექსპერტს დაირქმევენ, არასამთავრობოს თუ პოლიტიკოსს, მოხდება მათი პოზიციების გადამოწმება, ხომ არ ცრუობენ, რამდენად ობიექტურები არიან და ა.შ. თუ გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ცრუობს და ნაციონალური მოძრაობის აგიტაციაშია ჩართული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რა თქმა უნდა, შეუძლია, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის წევრი გახდეს, მიიღოს პარტიის აგიტაციაში მონაწილეობა, მაგრამ ეს საჯაროდ თქვას. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნაციონალური მოძრაობის და "რუსთავი 2"–ის სიცრუის ფერხულშია ჩაბმული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. შემდეგ უკვე მათი ნებაა – უნდათ გასცემენ პასუხს, უნდათ – არა. მე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვარი დავასახელე და მათი ორგანიზაციების დამფინანსებლებთან ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის – იქნება ეს „სიდა“ [შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო – SIDA] თუ ამერიკის მთავრობა. თუმცა, როდესაც ჩნდება კითხვა, რომ კონკრეტული არასამთავრობოს ხელმძღვანელის პოზიცია არ ემთხვევა მისი დამფინანსებლის პოზიციას და ის ჩართულია ნაციონალური მოძრაობის ფერხულში, კეთილი ინებონ და გასცენ პასუხი, ან არ გასცენ და მოისმინონ მაინც ეს კრიტიკა… რაღაც ვთქვი გიგაურსა და კოჟორიძეზე და ეს მთელ არასამთავრობო სექტორს დაუკავშირეს, როგორ გაბედაო. გავბედე და მომავალშიც გავბედავ. იმავე კითხვებს დავსვამთ პოლიტიკოსებთან და პარტიებთან დაკავშირებით“.