თბილისი გმობს ‘საზღვრის’ შესახებ შეთანხმებას მოსკოვსა და ცხინვალს შორის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ რუსეთსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული შეთანხმება და განაცხადა, რომ ეს საქართველოს „სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ ქმედებას და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელოვნური შეცვლის მცდელობას“ წარმოადგენს.

18 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების დადებით რუსეთი „ამაოდ ცდილობს შენიღბოს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია, რომელსაც შედეგად გამოიღებს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ დაგეგმილი გაფორმება“. 

„მოკავშირეობის და ინტეგრაციის“ შესახებ დაგეგმილი ხელშეკრულება სეპარატისტული რეგიონის ბევრი ძირითადი სტრუქტურის, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების ორგანოების რუსეთის ფედერაციის სტრუქტურებთან გაერთიანების გაფორმებას ითვალისწინებს.

„საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაციის მიზნით მიღებული კონსტრუქციული ზომების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციულ პოლიტიკას, რაც ეწინააღმდეგება მის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას „სათანადო შეფასება მისცეს ზემოხსენებულ ფაქტს და მიიღოს ქმედითი ზომები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის აღსაკვეთად“. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „სახელმწიფო საზღვრის“ შესახებ შეთანხმება „გააქარწყლებს ქართული მხარის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინსინუაციებს, თითქოსდა მზადდება სამხრეთ ოსეთის „ანექსია“, „შთანთქმა“, „შემოერთება“.

„ამგვარი შეხედულებების მიზანია სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაცია და მისი ახალგაზრდა რესპუბლიკებთან თანამშრომლობის არსის დამახინჯება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)