პარლამენტმა სატელევიზიო რეკლამასთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 19 თებერვალს 65 ხმით 33-ის წინააღმდეგ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, სატელევიზიო რეკლამის ლიმიტების საათობრივ რეგულაციას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად, მაუწყებელს საათში მხოლოდ 20% ანუ 12 წუთი შეეძლება დაუთმოს რეკლამას. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაიმ-ტაიმში, როცა ყველაზე მეტი რეკლამა გადის ეთერში, სარეკლამო დროის ოდენობა შეიზღუდება. ამჟამად მოქმედი რეგულაცია, რომელიც ტელევიზიებს რეკლამისთვის თავიანთი მთლიანი საეთერო დროის 20%-იან ლიმიტს უწესებს, გაუქმდება.  

ეს ახალი რეგულაციები 1 აპრილიდან იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ მას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოაწერს ხელს.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ავტორობით მომზადებული ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების მოტივად ევროდირექტივები დასახელდა.

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს სატელევიზიო რეკლამაზე 20%-იანი საათობრივი ლიმიტი 5 წლის ვადაში დააწესოს.

ამ რეგულაციების სწრაფი შემოღების წინააღმდეგი იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის თქმითაც, წლის შუა პერიოდში ახალი წესების ამოქმედება პრობლემებს შეუქმნის საქმიანობაში.

კანონპროექტის ავტორებმა ტელემაყურებელთა ინტერესების დაცვის მოტივით არ გაითვალისწინეს „რუსთავი 2“-სა და პარლამენტის ოპოზიციური ჯგუფების –  ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების მოწოდებები ამოქმედების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით. ოპოზიციის შეფასებით, ეს ცვლილებები რეალურად „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან ყველაზე მეტად ამ ლიმიტების შემოღებით ის იზარალებს, როგორც სატელევიზიო რეკლამიდან მიღებული შემოსავლებით ლიდერი კომპანია.  

„რუსთავი 2–მა“ 2014 წლის ბოლო კვარტალში რეკლამიდან შემოსავლების სახით 13.5 მილიონი ლარი მიიღო, რაც მისი მთავარი კონკურენტის, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მიღებულ შემოსავლებზე ორჯერ უფრო მეტი იყო.

კანონპროექტით, რომლის თავდაპირველი ვერსიაც მნიშვნელოვნად შეიცვალა მაუწყებელთა შენიშვნების უმეტესობის გათვალისწინების შედეგად, 12-წუთიან სარეკლამო დროსთან ერთად, ტელევიზიებს საათობრივად 4-წუთიანი ლიმიტიც უწესდებათ სატელევიზიო პროგრამების ანონსებში სპონსორებზე მითითებისთვის.