ნაფიც მსაჯულთა განსჯადი თანამდებობის პირების საქმეები აღარ იქნება

პარლამენტმა 67 ხმით 29-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების საქმეები ნაფიც მსაჯულთა განსჯადი აღარ იქნება.

19 თებერვლის ამ გადაწყვეტილებით პარლამენტმა გააუქმა 2013 წლის იანვარში მიღებული რეგულაცია, რომლითაც  ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა, რომელიც მხოლოდ მკვლელობასთან დაკავშირებულ ცალკეულ მუხლებზე ვრცელდებოდა, იმ საქმეებზეც გაფართოვა, სადაც ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები ფიგურირებენ.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფიდან, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ მათ გადაწყვიტეს ორი წლის წინ მიღებული „ხარვეზიანი“ გადაწყვეტილების გამოსწორება, რადგან ერთის მხრივ,  ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის პირთა წრის მიმართ გავრცელება „დიკრიმინაციულია“, ხოლო მეორეს მხრივ, ეს ინსტიტუტი სწრაფი და ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას აფერხებს.

მისივე თქმით, კანონს უკუქმედების ძალა არ ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ სამსახურეობრივი გულგრილობის თაობაზე წარდგენილ იმ ბრალდებებს, რომელიც ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრებს ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით აქვთ წარდგენილი. ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს.