ეროვნული ბანკის ჩარევის მიუხედავად, ლარის გაუფასურება გრძელდება
ეროვნული ბანკის ინტერვენციის მიუხედავად, ქართული ეროვნული ვალუტა, ლარი ხუთშაბათს 2.1472–ის ნიშნულამდე დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2004 წლის იანვრის შემდეგ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა – ეს წელს უკვე მეორე ინტერვენციაა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა იგივე ოდენობის დოლარი 11 თებერვალსაც გაყიდა და იმავდროულად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 4.5%–მდე გაზარდა. მაშინდელი ეს ნაბიჯი ლარის დაცემის შეჩერებას ოდნავ დაეხმარა, თუმცა ხანმოკლე დროით, რადგან ლარმა განაგრძო გაუფასურება.
ნოემბრის დასაწყისიდან, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ თავისი ღირებულების 22.4% დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში და 10.9% ევროსთან მიმართებაში.
საკითხის კომენტირებისას ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 19 თებერვალს: „ორშაბათს გვექნება სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა და განვიხილავთ ინფრასტრუქტურული ზეგეგმიური პაკეტის მოცულობას, ანუ ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს კაპიტალური დანახარჯების კუთხით, რათა განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში“.
ქართული ექსპორტის კლების ტენდენცია იანვარშიც გაგრძელდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ის 30%–ით შემცირდა. მთავრობამ ეს კლება რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის შემცირებას დაუკავშირა. იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირების ტენდენციაც გაგრძელდა და 75.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.3%–ით ნაკლებია და ის ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ გამოიწვია.
ლარის დაცემის ფონზე, მთავრობა ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა. ლარის გაუფასურების მიზეზად ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს, ხოლო ხელისუფლება ამას, ძირითადად საგარეო ფაქტორებით ხსნის. ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ უარი თქვას დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე და შეამციროს საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადები, ასევე გააუქმოს აქციზის გადასახადი საწვავზე, რაც, პარტიის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას უზრუნველყოფს.