საქართველო რიგის სამიტისთვის ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის გეგმის ‘ყველა ამოცანის შესრულებას’ აპირებს

საქართველო მზად არის ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ამოცანა შეასრულოს და ელის, რომ ევროკომისია მაისის ბოლოს რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ვიზების ლიბერალიზაციის რეკომენდაციას გასცემს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში 26 თებერვალს.

„საქართველოს ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია“, – განაცხადა მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩემი მთავრობის მთავარი ამოცანაა ვაჩვენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ევროპული დღის წესრიგი ხორციელდება; ჩვენ ასოცირების შეთანხმების შემდგომი ეფექტური განხორციელების ერთგულნი ვრჩებით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

„მოუთმენლად ველით მომავალ რიგის სამიტს. მზად ვართ, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის არსებითი პროგრესი ვაჩვენოთ და ამ კონტექსტში მზად ვართ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ამოცანა შევასრულოთ; ველით, რომ ევროკომისია დადებითად შეაფასებს ჩვენი მთავრობის მიღწევებს და საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეკომენდაციას გასცემს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პროგრესი დადებითად შეფასდება და ევროკომისია სავიზო მოთხოვნების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს, შემდეგ ეს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ, რათა ის ძალაში შევიდეს.

საქართველომ და ევროკავშირმა ვიზების ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყეს და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს წარედგინა. 

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.    

2014 წლის 29 ოქტომბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის მოთხოვნები, რაც გულისხმობს სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე გადასვლას.

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მთელ რიგ სფეროებს მოიცავს, რომლებიც ეხება დოკუმენტების უსაფრთხოებას; საზღვრის და მიგრაციის მართვას; მობილობას და თავშესაფარს, ასევე სხვა საკითხებს, როგორიცაა კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებების და უმცირესობების დაცვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა.

პირველი ფაზის ამოცანები მოიცავდა პოლიტიკური ჩარჩოს, რაც ასევე გულისხმობდა  შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, ხოლო მეორე ფაზის ამოცანებია კანონმდებლობის ეფექტური და მდგრადი განხორციელების პრაქტიკაში დანერგვა.

ევროკავშირის ექსპერტები საქართველოს პროგრესს აფასებენ მეორე ფაზის ამოცანების შესრულებაში.

„ჩვენ ახლა ექსპერტთა მისიების შედეგებს და რეკომენდაციებს ველით“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა 26 თებერვალს საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ კარგ პროგრესს ვაღწევთ ამ საკითხზე და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე რიგაში, ამ კონტექსტში წარმატებულები ვიქნებით“, – დასძინა ტუსკმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)