ღარიბაშვილი მერებს და გამგებლებს ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხების წინააღმდეგ აფრთხილებს
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 მარტს განაცხადა, რომ მერები და გამგებლები, რომლებიც პირდაპირი წესით აირჩნენ შარშანდელი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, არ არიან „ხელშეუხებლები“ და ის „მათი პასუხისმგებლობის საკითხს“ დააყენებს, თუ ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეაფერხებენ.
მან ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ მართალია თანხები გადაერიცხათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, თუმცა ამ პროექტების განხორციელება ჯერ არ დაწყებულა „რაღაც ბიუროკრატიული“ საკითხების გამო.
პრემიერ–მინისტრმა უპასუხა, რომ „რაღაც გაუგონარმა ბიუროკრატიულმა ბარიერებმა“ არ უნდა შეაფერხოს პროექტების განხორციელება რეგიონებში.
„გამგებლებს და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ არიან ხელშეუხებლები. მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„მათ აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური ძალის წინაშე და პირველ რიგში, იმ ხალხის მიმართ, ვინც ისინი აირჩია, რასაც ვერავინ გაექცევა“, – განაცხადა მან. ყველა მერი და გამგებელი, რომლებიც 2014 წლის ზაფხულის ადგილობრივი არჩევნების შედეგად აირჩნენ, კოალიცია ქართული ოცნებიდან არიან.
„თუ არაეფექტურები არიან და ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ამ საკითხის განსახილველად ის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდება.
პრემიერ–მინისტრმა მინისტრებს „გააქტიურებისკენ“ მოუწოდა.
„მინდა შეგახსენოთ, რომ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე იმიტომ, რომ ჩვენ მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპებით უნდა შევასრულოთ ყველა პროექტი, რომელიც გვაქვს დაწყებული“, – განაცხადა მან.