კვირიკაშვილი ჩინეთში აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, 9 მარტს ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელს ვანგ იანძის შეხვდა.

აბრეშუმის გზის ფონდი, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა ში ძინპინმა 2014 წლის ნოემბერში დააანონსა და რომელმაც საქმიანობა გასულ თვეს დაიწყო, მიზნად ისახავს ცენტრალურ აზიაში და მის ფარგლებს მიღმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას აბრეშუმის გზის ძველი სავაჭრო მარშრუტის აღორძინების მიზნით.

აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს, კვირიკაშვილმა, რომელიც იმავდროულად ვიცე–პრემიერია, „განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ში ძინპინის ინიციატივით დაწყებული პროექტის „ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელი“ მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რომელსაც ის მოუტანს პროექტში მონაწილე თითოეულ ქვეყანას“, იტყობინება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.

ამავე ინფორმაციით, კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ძალისხმევაზე გააძლიეროს საკუთარი, როგორც სატრანზიტო დერეფნის როლი და ჩინურ მხარეს აბრეშუმის გზის ფორუმის დაფუძნების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გააცნო. პირველი ასეთი ფორუმი თბილისში ოქტომბრის შუა რიცხვებში იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ასევე შეხვდება ჩინეთის ვაჭრობის მინისტრს, გაო ჰუჩენგს და ჩინეთის ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს, ლი ჯინტაოს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)