კვირიკაშვილი: „აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე რეალური მოლაპარაკებები არ დაწყებულა“
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების თემა მაღალი დონის დიალოგებში მუდმივად ფიგურირებს, შესაბამისი შეთანხმების გაფორმების თაობაზე „რეალური მოლაპარაკებები“ არ დაწყებულა.
საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობის შესწავლა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პირველად 2012 წლის იანვარში საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას ახსენა.
„ეს თემა მაღალი დონის დიალოგის ოქმებში მუდმივად ფიგურირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ობამას მიერ გაჟღერდა ეს მესიჯი, რეალური მოლაპარაკებები არც წინა და არც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან არ ყოფილა… ვინაიდან არის ძალიან კონსერვატიული დამოკიდებულება კონგრესის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა 12 მარტს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე.
„სწორედ ამას ემსახურება სავაჭრო მისიის ვიზიტი საქართველოში, რათა მათ შევუქმნათ ინფორმაციული კომფორტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეფორმები ხორციელდება საქართველოში, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღია პოლიტიკა გვაქვს ჩვენ, ჩვენს ეკონომიკას, რათა მათ ჰქონდეთ დიდი კომფორტი იმ ინსტიტუტებთან ურთიერთობებისას, რომელთაც ჩვენ დღეს ვაყალიბებთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამ განცხადებას წინ უძღოდა მისი შეხვედრა აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მეორე მოადგილესთან მეთიუ მიურეისთან, რომელიც 11-13 მარტს საქართველოს ცხრა ამერიკული კომპანიისაგან შემდგარ სავაჭრო მისიასთან ერთად სტუმრობს. ამერიკული დელეგაცია უკვე მიიღო პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-სთან „ვაჭრობის ლიბერალიზაციის“ კუთხით, თუმცა ის, თუ „რეალურად“ როდის დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე, დამოკიდებულია იმაზე, როცა „იქნება ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის მხრიდან გამოხატული ნება“.
მან საკომიტეტო მოსმენაზე ამ საკითხზე საუბრისას ასევე დასძინა: „ჩვენ არასწორი მოლოდინების შექმნას არ ვაპირებთ, ეს არ არის ჩვენი სტილი“.
აშშ-ის საელჩო თბილისში იტყობინება, რომ აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მეორე მოადგილე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ასევე საქპატენტში, საქართველოს რკინიგზასა და ამერიკის სავაჭრო პალატაში; ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები კი ქართველ ბიზნესმენებს ხვდებიან სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებზე სამსჯელოდ.
„სავაჭრო მისიის მიზანია ამერიკული კომპანიებისთვის ბიზნეს-შესაძლებლობების მოძიება, აშშ-საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობა რეგიონში კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად“, – აცხადებს საელჩო.