ზუგდიდში ქართული ოცნების აქტივისტები ნაციონალურ მოძრაობას დაუპირისპირდნენ
რამდენიმე ადამიანი დაშავდა ზუგდიდში კვირას მომხდარი დაპირისპირების შედეგად მას შემდეგ, რაც კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტებმა ნაციონალური მოძრაობის და მასთან ასოცირებული ორგანიზაციების ადგილობრივი ოფისების წინ საპროტესტო აქციები გამართეს.
თავდაპირველად რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლები, შეიკრიბა ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ, რათა პარტიის მიერ თბილისში 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით პროტესტი გამოეთქვათ.
შემდეგ ქართული ოცნების აქტივისტები იმ შენობისკენ დაიძრნენ, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრია“ განთავსებული; პირველი დაპირისპირებაც სწორედ იქ მოხდა; ხელისუფლების მხარდამჭერები, რომელთაგანაც ზოგიერთს ჯოხები ეკავა ხელში, შენობაში შეიჭრნენ და კარების მინები ჩაამსხვრიეს. ამის შემდეგ მომიტინგეები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დაბრუნდნენ, სადაც ისევ ატყდა ჩხუბი და ქვების სროლასაც ჰქონდა ადგილი. პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მათ ვერ შეძლეს ინციდენტის აღკვეთა, რომლის დროსაც, სულ ცოტა ერთი პოლიციელი დაშავდა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „ხელკეტებით შეიარაღებული ბანდები შეუსია ჩვენ ოფისებს“ ზუგდიდში.
„ფიზიკური ძალადობის და დაპირისპირების გზით უნდათ ხელისუფლების შენარჩუნება. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ …. ის ვერ მოახერხებს ამ ძალადობის, დაპირისპირების, დაჭერების, რეპრესიების გზით ხელისუფლების შენარჩუნებას. ჩვენი პასუხი იქნება მშვიდი, წყნარი, ჩვენ ძალიან ბევრი შევიკრიბებით 21 მარტს რუსთაველის გამზირზე და დავიწყებთ მოქმედებას, დავიწყებთ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც აუცილებლად დამთავრდება მისი [ივანიშვილის] რეჟიმის აღსასრულით და ამ სამარცხვინო მთავრობის გადადგომით“, – განაცხადა გაბაშვილმა.
ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნაციონალური მოძრაობა „პროვოკაციის“ მოწყობაში დაადანაშაულა; მან სამართალდამცავ სტრუქტურებს ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდა.
პარტიამ განაცხადა, რომ „ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატავს შეშფოთებას და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება გავიდეს სამართლებრივი სივრციდან“.
„ქართული ოცნება მოუწოდებს თავის წევრებს და მხარდამჭერებს, არ აყვნენ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ მსგავს პროვოკაციებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია და შექმნან არეულობის განცდა საზოგადოებაში“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.