ნატოს განცხადება ‘ინტეგრაციის’ შესახებ მოსკოვი–ცხინვალის ხელშეკრულების თაობაზე

ნატომ განაცხადა, რომ მოსკოვსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს შორის 18 მარტს ხელმოწერილი ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი ქმედებაა, რომელიც აფერხებს  საერთაშორისო თანამეგობრობის იმ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებისკენაა მიმართული“.

„ნატომ განაცხადა, რომ ის არ აღიარებს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 18 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, „ის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთოს პრინციპებს და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს“.

„ის არ უწყობს ხელს საქართველოში არსებული სიტუაციის მშვიდობიან და ხანგრძლივ მოგვარებას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს შეცვალოს საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა აღნიშნეს ხელმოწერის წინა დღეს გაკეთებულ განცხადებებში, რომ ისინი არ ცნობენ ხელშეკრულების ლეგიტიმურობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ხელშეკრულება, როგორც „ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია“.

ცალკე განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა, სადაც აღნიშნავს, რომ ვითარების „ანექსიის ხარისხში“ გადაყვანით რუსეთი „დესტრუქციული ქმედებებით“ პასუხობს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, „მოინახოს ვითარების დარეგულირებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გონივრული გზები“. მარგველაშვილი ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ქმედებების შესაჩერებლად ძალისხმევის გაერთიანებისაკენ, რადგან  ეს „საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთის უშუალო მეზობელ ქვეყნებს, არამედ საერთო ევროპულ უსაფრთხოებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)