ღარიბაშვილი სამეგრელოს ინციდენტებს ‘ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას’ უწოდებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამეგრელოში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები, რომლებიც ზუგდიდში ამჟამინდელი და ყოფილი მმართველ პარტიების აქტივისტების ფიზიკურ დაპირისპირებას და ასევე წინა ხელისუფლების დროს მომხდარი ძალადობის ფაქტების ამსახველი ფილმის ჩვენებაზე ბავშვების მიყვანას უკავშირდება, არის ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი „პროვოკაცია“ და არა „ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახით პროვოცირებული ან წახალისებული“.

„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დავგმეთ იქ განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა ძალადობას არავინ არ მიესალმება და ეს ჩვენთვის არის უაღრესად მიუღებელი, მაგრამ აქვე მინდა კიდევ ერთხელ საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს იყო, რა თქმა უნდა, პროვოკაცია, რომელიც დაიგეგმა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან“, – განაცხადა მან 19 მარტს მთავრობის სხდომაზე საუბრისას.

მისი თქმით,  არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით ფოთში დოკუმენტური ფილმის „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენებაზე "თავისუფალი ზონის აქტივისტი" რამდენიმე ბავშვი „შეიპარა"და ამ "მიზანმიმართულ" ქმედებაზე იქნა აქცენტი გადატანილი და „არა იმაზე, რომ ბავშვებს როგორ ექცეოდნენ წლების განმავლობაში ციხეებში, ბავშვებს როგორ სცემდნენ, ტანჯავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ“.

„მთელი საზოგადოების ყურადღება, მათ შორის განათლების სამინისტროსი, მიმართეს სწორედ ამ მიმართულებით; ეს არასწორია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არის“, – განაცხადა მან.

სამეგრელოს ზოგიერთ ქალაქში ფილმის ჩვენებაზე არასრულწლოვანი მოსწავლეების დასწრება უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გააპროტესტეს, როგორც "ბავშვთა უფლებების შელახვისკენ მიმართულ უკანონო ქმედება“ და განაცხადეს, რომ ამ ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი რესურსცენტრები და ასევე საჯარო სკოლების ადმინისტრაციები.

განათლების სამინისტრომ, რომელმაც „ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა“ უწოდა მომხდარ ფაქტს და განაცხადა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბავშვებისა და მოზარდების დაშვებას მათთვის შეუფერებელ, მძიმე შინაარსის ინფორმაციასთან“, საკითხის მოკვლევა დაიწყო და 16 მარტს გავრცელებულ განცხადებაში პირობა დადო, რომ მისი თანამშრომლების ჩართულობის დადასტურების შემთხვევაში, „უმოკლედ დროში შესაბამის ზომებს“ მიიღებს.

15 მარტს ზუგდიდში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ინციდენტზე საუბრისას, რომლის დროსაც ქართული ოცნების აქტივისტების ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა: „იყო სამშვიდობო, საპროტესტო აქცია ნაციონალური მოძრაობის და მათთან აფილირებული ორგანიზაციის ოფისის წინ. მოხდა მიზანმიმართული პროვოცირება, ხელკეტები დაუშინეს აივნებიდან, ქვები [ქართული ოცნების აქტივისტებს] და ამის შემდეგ, ბუნებრივია რეაქცია იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი, ნეგატიური“.

„მაგრამ ამ ხალხს აქვს ღირსება და თავმოყვარეობა“,  – განაგრძო მან, „საზოგადოებამ  9 წელი აიტანა ის ძალადობა და ის საშინელი რეჟიმი, რომელიც საქართველოში იყო გამეფებული და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავუშვათ კიდევ ძალადობა და მითუმეტეს,  სამეგრელოს რეგიონში… რა თქმა უნდა, ეს არის აღმაშფოთებელი, რომ ეს მოძალადეები დღეს კიდევ აქტიურობენ სამეგრელოს რეგიონში, ჩაყავთ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, კრიმინალები“.

„ასე რომ, ეს იყო პირდაპირი  პროვოკაცია, ამას არ სჭირდება ზედმეტი დრამატიზება და მითუმეტეს რაღაც გამოძიების…“, – აქ გაწყვიტა მან საუბარი და შემდეგ  შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მიმართა: „რა თქმა უნდა ეს უნდა გამოიძიოს თქვენმა სამინისტრომ, რომ კარგად გაირკვეს ვინ არის დამნაშავე, მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია“.

„ეს არ იყო ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახით პროვოცირებული ან წახალისებული. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

„მე მესმის ყველა ადამიანის აღშფოთების, მე მესმის, რომ წლების განმავლობაში ისინი ითმენდნენ ამ ძალიან მძიმე ტვირთს და  ამ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოში რაიმე სახის აჟიოტაჟი და ხმაური; ჩვენ გვჭირდება დამშვიდება“, – განაცხადა მან.

21 მარტს თბილისის ცენტრში ნაციონალური მოძრაობის მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე საუბრისას, ღარიბაშვილმა განაცხადა: „ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ჩვეულებრივი პროცესია, რაც დამახასიათებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“.

„მიუხედავად იმისა, თუ ვინ ატარებს აქციას, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი მშვიდობიანი ჩატარების უფლება და ამის უზრუნველყოფას ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

17 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც  21 მარტს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს თავიანთი უფლება-მოვალეობები შეახსენა, კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უწყება მობილიზებულია  „აქციის მიმდინარეობისას წესრიგისა და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დასაცავად“.