მარგველაშვილი და ღარიბაშვილი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21 მარტს ერთად გამოჩნდნენ მარნეულში, რაც იშვიათად ხდება და ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
"ჩვენ ვართ თქვენთან ერთად, რომ გემსახუროთ და ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი, უფრო გამართული, უფრო ბედნიერი საქართველო. მე თქვენთან ერთად ვიბრძვი ბედნიერი საქართველოსთვის“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულის მოსახლეობას.
პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ის და პრეზიდენტი „ვართ დღეს თქვენთან ერთად, ეს არის ჩვენი ერთობის დემონსტრირება, ეს არის თქვენდამი სიყვარულის დემონსტრირება“.
„ეს არის ძალიან მდიდარი რეგიონი. მე ვაფასებ თქვენს შრომისმოყვარეობას. თქვენ ხართ გამორჩეული მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის და ჩვენ, როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ვიქნებით თქვენს გვერდში ყოველთვის. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ერთად ქმნიდნენ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს… ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ გითხრათ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავის გამოსვლაში პრემიერ–მინისტრმა თბილისში შაბათს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციაც ახსენა და დაგმო ის, როგორც „დესტრუქციული ძალების“ მცდელობა, რომ „ხელოვნურად შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის განვითარება“.
„დღეს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით და ისინი მისტირიან წარსულს, ისინი მისტირიან ბოროტებას და არგანვითარებას. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ სიყვარული და ერთმანეთს სიყვარული დავუდასტუროთ, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ვიფიქროთ მომავალზე. აი, ეს არის მომავლის საქართველო და არა ის, რომ ზოგიერთი დესტრუქციული ძალები ცდილობენ ხელოვნურად შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„მაგრამ ჩვენ არც ერთ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა რაიმე ფორმით შეფერხდეს. ჩვენ გვჯერა უკეთესი მომავლის, ჩვენ გვჯერა ძლიერი საქართველოსი და ძლიერი რეგიონის“, – დასძინა მან.