მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რასაც ნაციონალური მოძრაობა გეგმავს

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ 21 მარტს თბილისის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოაცხადა, რომ გეგმავს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის წამოწყებას, რაც საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალსაფეხურიანი რთული პროცედურაა, რომელშიც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი პრეზიდენტს ეკისრება და რომლის განხორციელებასაც  პარლამენტში არსებული ძალთა გადანაწილების გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობა ვერ შეძლებს, თუ ქართული ოცნების დეპუტაციის ნაწილს მაინც არ მიიმხრობს.

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მისი მიზანია მთავრობის გადაყენების მიღწევა, „საჭიროების შემთხვევაში პერმანენტულ აქციების“ გზით და „ტექნიკური მთავრობის“ შექმნა პარლამენტის რიგგარეშე ან მორიგი არჩევნების მოსამზადებლად.

ამჟამად, 150-ადგილიან პარლამენტში 149 დეპუტატია. ერთი წევრის ადგილი ვაკანტურია, რადგან ნაციონალური მოძრაობის მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი გარდაიცვალა და მის ადგილს ვერავინ შეავსებს, ვიდრე ოქტომბერში შუალედური არჩევნები არ ჩატარდება ახალი მაჟორიტარის ასარჩევად.

ქართული ოცნების მმართველი უმრავლესობა 87 დეპუტატით არის პარლამენტში წარმოდგენილი, ოპოზიციურ „თავისუფალ დემოკრატებს“ 8 მანდატი აქვთ; ხოლო დარჩენილ ოთხ ადგილს დამოუკიდებელი დეპუტატები იკავებენ.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრისთვის პარლამენტს სულ ცოტა 60-მა დეპუტატმა მაინც უნდა მიმართოს და პროცედურა აღიძრება, თუ ამ საკითხს მხარს დაუჭერს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, რაც არსებულ მოცემულობაში სულ ცოტა 75 დეპუტატს შეადგენს. ამასთან, კონსტიტუციის თანახმად, უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრასთან დაკავშირებით კენჭისყრა მოთხოვნის დაყენებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 25 დღეში იმართება; მაგრამ, თუ ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდება, მომდევნო ექვს თვეში დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მისი განმეორებით დაყენება.

კონსტიტუციის თანახმად, უნდობლობის საკითხის აღძვრიდან მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 25 დღის განმავლობაში პარლამენტი სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მეხუთედის ანუ 60 დეპუტატის მიერ დასახელებული პრემიერ-მინისტრის კანდიდატის პრეზიდენტისთვის წარდგენას უყრის კენჭს და გადაწყვეტილებას სულ ცოტა 75 ხმით იღებს. კენჭისყრაზე საკითხის ჩავარდნა  უნდობლობის გამოცხადების პროცედურის შეწყვეტას ნიშნავს.

მომდევნო ეტაპზე, თუკი ის დადგა, უკვე პრეზიდენტი ერთვება პროცესში და ის წარდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს 5 დღის ვადაში ან წამოაყენებს ან ვეტოს ადებს მას.

თუ პრეზიდენტი გაიზიარებს კანდიდატურას, მაშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად; პარლამენტს 7 დღე აქვს ამის შემდეგ, რათა განიხილოს და ნდობა გამოუცხადოს მთავრობის ახალ შემადგენლობას სულ ცოტა 75 ხმით.

მეორე შემთხვევაში, როცა პრეზიდენტი არ ეთანხმება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, მისი შეთავაზებიდან მინიმუმ 15 და მაქსიმუმ 20 დღეში პარლამენტი პრეზიდენტისთვის იმავე კანდიდატურის წარდგენას ხელმეორედ უყრის კენჭს, თუმცა ამ შემთხევაში გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო კვორუმი 75-დან იზრდება 90 ხმამდე ანუ პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედამდე. საკმარისი ხმების მოგროვების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვალდებული ხდება, რომ 3 დღის განმავლობაში წამოაყენოს მის მიერ ერთხელ უკვე დაწუნებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

ამის შემდეგ, პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ნიშნავს წინამორბედი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას, რაც მისი უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.

ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი, პრეზიდენტი „უფლებამოსილია“ 3 დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი შესაძლოა ასევე იყო სახელმწიფო ბიუჯეტი იმ შემთხვევაში, თუ მას ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში პარლამენტი ვერ დაამტკიცებს და ეს ჩაითვლება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად, რასაც ზემოთ აღწერილი პროცედურები მოყვება. 

თუმცა კონსტიტუცია ასევე განსაზღვრავს კონკრეტულ შემთხვევებს, როცა პრეზიდენტს შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაშიც კი, არ აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი. კერძოდ, პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია  პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში და ასევე  პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თუ სახეზე არ არის მთავრობის დაუმტკიცებლობით გამოწვეული კრიზისი;  ასევე საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.

კიდევ ერთი ბერკეტი, რომელიც პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას ბლოკავს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაა, რომლის წამოწყებაც შეუძლია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს ანუ სულ ცოტა 50 დეპუტატს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა იკვეთება.

ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მცდელობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, „არარეალისტურია“.

„თავისუფალ დემოკრატებს“ ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება შეუერთდებიან თუ არა ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას. 

„ჩვენ, „თავისუფალმა დემოკრატებმა" პირველებმა დავაყენეთ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებლად შევუერთდებით ნებისმიერ პროცესს თუ პროცედურას. მთავრობა უნდა შეიცვალოს და ამის თაობაზე გადაწყვეტილება თავად მმართველმა ძალამ უნდა მიიღოს, უმოკლეს დროში“, – ნათქვამია თავისუფალი დემოკრატების განცხადებაში.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ "თავისუფალი დემოკრატები" შეურთდებიან ამ ინიციატივას, ნაციონალურ მოძრაობას მაინც დააკლდება 2 ხმა, რადგანაც უნდობლობის პროცედურის წამოწყების ფორმალური მოთხოვნის დაყენებას 60 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

თუ ოპოზიცია ოთხივე დამოუკიდებელი დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მას 13 ხმა აკლდება, რადგანაც უნდობლობის გამოცხადების პროცედურების დაწყებას 75 ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას ქართული ოცნების უმრავლესობის წევრების მიმხრობაც დასჭირდება.