‘თავისუფალი დემოკრატები’ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას არ უერთდებიან

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მისი პარტია, რომელსაც პარლამენტში რვა მანდატი აქვს, არ შეუერთდება ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე.

„ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ, რომ ხალხი დააშინონ ერთმანეთით. ამიტომ, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს და ჩვენს მომავალს არცერთი არ სჭირდება. საქართველოს სჭირდება განვითარება, საქართველოს არ სჭირდება დაბრუნება სააკაშვილის წარსულში“, – განაცხადა ალასანიამ, „რაც მთავარია, იქ მოსული ხალხი, რომელიც გამოვიდა [აქციაზე] რამდენიმე დღის წინ, ძირითადად, გამოხატავენ იმ სულისკვეთებას, რომელიც მთელ საქართველოშია, რომ უმოქმედებამ საქართველო დახია უკან. აქედან გამომდინარე „თავისუფალი დემოკრატები“ ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც ეს სჭირდება ხალხს და ჩვენს ქვეყანას და წავიყვანთ ქვეყანას წინ. ძალიან მალე ჩვენ გვექნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმის პრეზენტაცია და შესაბამისად, ინიციატივები პარლამენტში. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით შევალთ პარლამენტში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ინიციატივას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“.

მან ეს განცხადება ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა ბრიუსელში, სადაც ის ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრე ვერშბოუს შეხვდა.

ვერშბოუმ განაცხადა, რომ განხილულ იქნა საქართველოს პროგრესი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. „ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელება მიმდინარეობს“, – დაწერა მან Twitter-ზე

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)