თბილისში ბიზნესმენი მოკლეს
ბიზნესმენ ბესო ხარძიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ თბილისის ცენტრში შაბათს, დღისით რამდენჯერმე ესროლეს.
ექიმების თქმით, იგი „მრავლობითი“, მათ შორის თავში მიყენებული ჭრილობების შედეგად, რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ხარძიანი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა კუს ტბის კომპლექსის საკუთრების თაობაზე დავის გამო. იგი იმ მეწარმეებს შორის იყო, რომლებიც აცხადებდნენ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მათ ქონება უკანონოდ ჩამოართვეს. 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხარძიანმა, რომელმაც ორი წელი ციხეში გაატარა, როგორც თავად აცხადებდა, ნარკოტიკებთან დაკავშირებით გამოგონილი ბრალდებების გამო, რათა აეძულებინათ, რომ კუს ტბის აქტივები დაეთმო იმ პირების სასარგებლოდ, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან ასოცირდებოდნენ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა ქონების დაბრუნების მიზნით. მან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე მოიგო, თუმცა ამჟამად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
თვის დასაწყისში ხარძიანი ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკურ თოქშოუში გამოჩნდა რამდენიმე სხვა ბიზნესმენთან ერთად, რომლებიც ასევე ცდილობენ იმ ქონების დაბრუნებას, რომლებიც მათი თქმით, უკანონოდ ჩამოართვეს წინა ხელისუფლების დროს. თოქშოუში, სადაც მოქმედი ხელისუფლების საქმიანობა განიხილებოდა „სამართლიანობის აღდგენის“ კუთხით, ხარძიანმა, რომელსაც დაუბრუნდა ქონების ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებოდა, გააფრთხილა, რომ „თუ არ აღდგება სამართალი, 70-იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში“.
თვითმხილველებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხარძიანს, რომელიც ვაკეში საკუთარ სახლში ბრუნდებოდა, რამდენჯერმე ესროლა მამაკაცმა, რომელსაც შავი ჩაფხუტი ეხურა. ამავე ინფორმაციით, თავდამსხმელმა ადგილი მოტოციკლეტით დატოვა. მოგვიანებით პოლიციამ მის მიერ მიტოვებული მოტოციკლეტი და ჩაფხუტი დანაშაულის ადგილიდან არცთუ შორს მდებარე ქუჩაზე აღმოაჩინა.
პროკურატურამ განაცხადა, რომ შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი და „ამ ეტაპზე საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“.