ღარიბაშვილი პოლიციელებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს
პრემიერ –მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს და პროკურატურას „გააათმაგონ“ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო პოლიციელებს იმოქმედონ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.
პრემიერ–მინისტრმა აღნიშნული განცხადება 4 აპრილს მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი ერთი პოლიციელის საავადმყოფოში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მანამდე კი პრემიერმა იმავე ინციდენტის დროს დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა.
„მე მივმართავ ყველა პოლიციელს, რომ იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული ყველა უფლება, რომ, პირველ რიგში, დაიცვათ თქვენი საკუთარი სიცოცხლე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები, რომლებიც გარეთ არიან, კრიმინალებს ვგულისხმობ მე, მათი ადგილი აქ არ არის, მათი ადგილი არ არის ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს შორის, ჩვენს შორის. მათი ადგილი არის ან ციხეში ან სხვაგან“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
მთავარი პროკურატურის და შსს–ს ინფორმაციით, ინციდენტი 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან მოხდა, როდესაც პოლიციელებმა ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ერთ–ერთ პიროვნებას შემოწმების მიზნით გაჩერებისკენ მოუწოდეს, რასაც მოქალაქის მხრიდან გასროლა მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმედ დაიჭრა. მოგვიანებით დადგინდა აღნიშნული პიროვნების ვინაობა, რომელსაც ასევე ბრალად ედება მიმდინარე წლის იანვრის თვეში ბორჯომში ერთი პოლიციელის მკვლელობა, ხოლო მეორეს დაჭრა.
პრემიერმა მომხდარი „სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებად“ შეაფასა.
„რაც შეეხება ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად ამაზრზენი ფაქტი, ეს ადამიანი, რომელმაც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, მე სიტყვები არ მყოფნის როგორ შევაფასო ეს ადამიანი. ეს არაადამიანი, გახსოვთ, ჯერ ბორჯომში ერთი პოლიციელი მოკლა, იგივე პიროვნებამ ახლა მოკლა მეორე პოლიციელი. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება პირდაპირ, მე ვიტყოდი და ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრების მიმართ ხელის აღმართვა“,– განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უნდა „მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ“ , რათა „ჩვენ ყოველთვის წინ ვუსწრებდეთ კრიმინალს, ორი სამი ნაბიჯით წინ და ჩვენ ვერ უნდა დაგვასწროს ვერც ერთმა კრიმინალმა ვერც გასროლა და ვერც ვერაფერი“.
„ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ეს შემთხვევა და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დააკავებენ ამ პიროვნებას; წინააღმდეგობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, რომ მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია. ეს არის ჩემი პოზიცია და კანონით ეს არის განსაზღვრული და კანონით აქვთ მინიჭებული ეს უფლება“, – დასძინა პრემიერ–მინისტრმა.
აღნიშნულ პიროვნებაზე ძებნაა გამოცხადებული და შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ მისი სურათებიც გაავრცელა.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ღრმა მწუხარება“ გამოხატა პოლიციელის "ტრაგიკურად გარდაცვალების" გამო და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი ორგანოები ამ „უმძიმესი ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის სწრაფად გამოძიებას“ შეძლებენ.
„დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.