პრეზიდენტი მარგველაშვილი რომის პაპს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რომის პაპს ფრანცისკეს ვატიკანში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში 10 აპრილს შეხვდა.
ვატიკანის ინფორმაციით, „გულთბილი“ საუბრის ფარგლებში დადებითი შეფასება მიეცა ორმხრივ ურთიერთობებს და ასევე განხილულ იქნა საერთო ინტერესის მქონე სხვადასხვა თემები, რომლის ფარგლებშიც „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი კათოლიკური თემის დადებით წვლილს საქველმოქმედო საქმიანობის და განათლების სფეროებში“.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები, უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებული პრობლემები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს როლს დაუთმეს.
„აღინიშნა, რომ წმინდა საყდარი როგორც წარსულში, დღესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერია, რაც საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, – იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, „აღინიშნა, რომ 21-ე საუკუნეში დაუშვებელია არსებობდეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები და გამყოფი ხაზები, ასევე ჰუმანიტარული და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები“.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, რომის პაპთან „უაღრესად მნიშვნელოვან“ შეხვედრაზე „ყველა ის საჭირბოროტო საკითხი იქნა განხილული, რომელშიც საქართველომ შეიძლება ვატიკანის მხარდაჭერა მიიღოს“.
საქართველოს პრეზიდენტი დღესვე წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილეს მონსინიორ ანტუან კამილიერის და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო ვიზიტის პირველ დღეს, 9 აპრილს წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან გამართა სამუშაო სადილი.
საქართველოს პრეზიდენტს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ვატიკანში თან ახლავს ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი.