უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი შიროკინოში მოკლეს

საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯანელიძე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოლდა, 18 აპრილს ქალაქ მარიუპოლიდან აღმოსავლეთით მდებარე სოფელ შიროკინოსთან საბძოლო მოქმედებების დროს მოკლეს.

ჯანელიძე აზოვის ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა; კიდევ  ერთი ქართველი დაიჭრა, როგორც ამის თაობაზე უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველები აცხადებენ.

ეს უკრაინაში მებრძოლი ქართველების დაღუპვის უკვე მეოთხე შემთხვევაა – სამი მათგანი უკრაინის მხარეს იბრძოდა, ერთი კი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხარეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ღრმა მწუხარება გამოთქვა ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო და განაცხადა, რომ მისი გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.