კიევში საქართველოს და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 20 აპრილს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ გროისმანთან გამართა შეხვედრა, რომლის დროსაც მათ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორუმებზე საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს, რაც, როგორც ორმა სპიკერმა აღნიშნა, მათ „საერთო გამოწვევებთან“ გამკლავებაში  დაეხმარება.

„ჩვენი ურთიერთობები ძალიან მეგობრულია. ჩვენ ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეს გვაერთიანებს. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ჩვენი ქმედებების კოორდინაციისთვის საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა რადას სპიკერმა, ვოლოდიმირ გროისმანმა შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ასევე განიხილეს ქართული მხარის ინიციატივა, რომ ევროპელი კოლეგების მონაწილეობით საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის დეპუტატების ყოველწლიური კონფერენცია დაფუძნდეს.

„ჩვენ შევქმნით არენას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც საერთო პრობლემები აქვთ, რათა ერთობლივად ვიმუშავოთ ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე და არსებულ გამოწვევებზე პასუხები გამოვნახოთ“, – განაცხადა გროისმანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მას „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა“ ჰქონდა უკრაინელ კოლეგასთან.

„ქართველი ხალხი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, საქართველოს პარლამენტი დგას უკრაინის პარლამენტის გვერდით, საქართველოს მთავრობა დგას უკრაინის მთავრობის გვერდით, და ამ ძალიან მძიმე დროს, გვინდა იცოდეთ, რომ საქართველო თქვენთანაა. ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ აგრესიას, ჩვენ ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ სვლა თავისუფალი ევროპისკენ. საქართველოში ეს მიდგომა არის საყოველთაოდ გაზიარებული მიდგომა, ყველა, ასე თუ ისე, გავლენიანი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი იზიარებს ამ მიდგომას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ჩვენ კოლეგებთან საუბრის დროს შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე იმისათვის, რომ პარლამენტმა მეტი და უფრო ეფექტური როლი შევასრულოთ როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ერთმანეთთან ორმხრივ ურთიერთობებში“, – დასძინა მან.

უკრაინის დედაქალაქს, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ქართული ოცნებიდან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი ვაშაძე სტუმრობენ.

21 აპრილს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინის პრემიერ-მინისტრს, არსენი იაცენიუკს შეხვდება.