ბელარუსი და საქართველო ურთიერთობების გაღრმავებაზე თანხმდებიან
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს თბილისს, განაცხადა, რომ საქართველო „მეგობარი ქვეყანაა“, რომლისთვისაც მინსკს „არასდროს გაუცრუებია იმედი, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი“.
ლუკაშენკო, რომელიც თბილისში ოთხშაბათს საღამოს ჩამოვიდა და რომელიც ვიზიტის ფარგლებში ბათუმსაც ეწვევა, ხუთშაბათს დილით თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს და შემდეგ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
So important and interesting MTG with Pres. #Lukashenko. Talked about friendship & partnership btwn two countries. pic.twitter.com/oNH9tbn7NF
— President Of Georgia (@MargvelashviliG) April 23, 2015
„ძვირფასო გიორგი, ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, აქ ამ ლეგენდარულ ქალაქში, ამ ლეგენდარულ ქვეყანაში“, – მიმართა ლუკაშენკომ თავის ქართველ კოლეგას საათნახევრიანი შეხვედრის დაწყებისას პრესის თანდასწრებით გაკეთებულ განცხადებაში.
„მე უკვე გითხარით, რომ ეს ჩემი სირცხვილია, რომ არასდროს ვყოფილვარ თბილისში, ფაქტობრივად არ ვყოფილვარ საქართველოში, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს ვიყავი სოხუმში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
„პოლიტიკაში ჩვენ არაფერი გვაქვს ურთიერთსაწინააღმდეგო, არც ყოფილ პრეზიდენტს და არც თქვენ, იმიტომ რომ ყველგან, დასავლეთში, თქვენ ჩვენ მხარს გვიჭერდით“, – დასძინა მან.
როდესაც ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის მიერ სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან „მოკავშირეობის“ შესახებ დადებულ ხელშეკრულებებზე ჰკითხეს და ასევე იმის თაობაზე, დარჩება თუ არა ბელარუსი ამ სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ერთგული, მან უპასუხა: „ჩვენი პოზიცია ამ პრობლემების შესახებ უცვლელი რჩება; წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არ ჩამოვიდოდი“.
„საქართველოს და რუსეთს შორის ომის შემდეგ ურთიერთობები უფრო მსუბუქად უნდა განვითარებულიყო, ამგვარი ნაბიჯების გადადგმის გარეშე, რომელიც თქვენ ახსენეთ [სავარაუდოდ „მოკავშირეობის“ შესახებ დადებული ხელშეკრულებები]“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
„ჩვენ, [საქართველოს] პრეზიდენტთან ერთად, რეალისტები ვართ და შევთანხმდით, რომ გავუსვათ ხაზი და შევხედოთ, თუ რა მოხდება ხვალ, რისი გაკეთება შეიძლება საქართველოს და ბელარუსს შორის, ასევე რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, – განაცხადა მან.
„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში სულ ცოტა ერთ პასუხს ვიპოვით პატარა კითხვაზე – როგორი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა არა მხოლოდ შეჩერდეს ეს რიტორიკა, არამედ სახელმწიფოების პოზიციები დაახლოვდეს და ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ეს ერთ დროს იყო. საქართველოს, ბელარუსის და რუსეთის ხალხებს შორის კონფლიქტი არ არსებობს. გაუგებრობები პოლიტიკურ დონეზე შესაძლოა გადაილახოს, მაგრამ კონკრეტული ამოცანები უნდა დავისახოთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ამის თაობაზე, მაგრამ პრეზიდენტისგან არ მაქვს უფლებამოსილება, რომ გავამხილო ეს შეთანხმებები, თუმცა უახლოეს მომავალში თქვენ ამას გაიგებთ“, – დასძინა ლუკაშენკომ.
მისმა ამ განცხადებამ, რომლის დეტალებზეც მან არ ისაუბრა, უკვე წარმოშვა კითხვები იმის თაობაზე, აპირებს თუ არა ის იმოქმედოს, ან უკვე მოქმედებს თუ არა როგორც შუამავალი ან სთავაზობს თუ არა საქართველოს და რუსეთს მინსკში მაღალი დონის მოლაპარაკებების მასპინძლობას.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომ „თუ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯი, მაგალითად, დეოკუპაციისკენ, მაგალითად, დევნილების დაბრუნებისკენ, ე.წ. აღიარების უკან წაღებისკენ, ან სხვა რაიმე ნაბიჯისკენ, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის და, საქართველოს აზრით, რეალურად წაადგება პრობლემის მოგვარებას, მანამდე შუამავალს აზრი არ აქვს“.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბელარუსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
#Occupied territories,non-recognition policy – #Belarus’s support is very important in this regard. #Lukashenko pic.twitter.com/sgggslLn6a
— President Of Georgia (@MargvelashviliG) April 23, 2015
„ჩვენ ხაზგასმით გამოვხატეთ ის მადლიერება, რომელსაც ქართული სახელმწიფო და საქართველოს საზოგადოება გრძნობს ბელორუსი ხალხის მიმართ და პირადად, ბატონ ალექსანდრე გრიგორიევიჩის მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენ ვნახეთ საქართველოს ურთულეს საკითხებთან მიმართებაში. ძალიან რთულ ვითარებაში ჩვენი ბელორუსი მეგობრები ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდნენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა ის „უმნიშვნელოვანესი როლი, რომელსაც ჩვენი ბელორუსი მეგობრები თამაშობენ“ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით.
„მინსკი გახდა ის ქალაქი, სადაც რეალურად ხდება შეთანხმებები მშვიდობის, რეგიონის სტაბილურობის და მისი მდგრადობის გადასაწყვეტად. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ბუნებრივია შევეხეთ უკრაინის პრობლემას და იმ პოზიტიურ იმპულსს, რაც მინსკმა ამ თვალსაზრისით შექმნა და მისცა როგორც უკრაინელ ხალხს, ასევე მთელ რეგიონს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი „მნიშვნელოვან საფუძველს დაუდებს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებას“.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება ევროკავშირთან, ხოლო ბელარუსის ეკონომიკური ურთიერთობების კავშირები ღრმავდება საბაჟო კავშირის მიმართულებით, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ განვითარებამ კი არ უნდა შეზღუდოს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები, არამედ პირიქით, ახალი პოტენციალი უნდა მისცეს როგორც საქართველოს, ასევე ბელორუსის ეკონომიკას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
იმავე საკითხის კომენტირებისას ლუკაშენკომ განაცხადა: „ჩვენ მაქსიმალური სარგებლით უნდა გამოვიყენოთ ბელარუსის მონაწილეობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში და საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელება. გონიერი ხალხი ყოველთვის გამონახავს თანამშრომლობის გზებს ყველაზე რთულ პერიოდშიც კი“.
„მართალია საქართველომ დატოვა დსთ, მაგრამ ბელარუსმა და საქართველომ შეინარჩუნეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და ჩვენ არასდროს გაგვიცრუებია თქვენთვის იმედი ყველაზე რთულ პერიოდშიც კი“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ამჟამად არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დონე ბევრად ჩამოუვარდება მის რეალურ პოტენციალს და მოლაპარაკებების „მნიშვნელოვანი ნაწილი“ სწორედ ამ საკითხს დაეთმო.
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საქართველო–ბელარუსის ბიზნეს ფორუმს, რომელსაც თბილისმა 22 აპრილს უმასპინძლა, მნიშვნელოვანი შეთანხმებები მოყვა, რომელთაც პოტენციალი აქვთ იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობა წელიწადში 200 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდოს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს და ბელარუსს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 2014 წელს 55.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყურადღება გამახვილდა ერთობლივი საწარმოების შექმნაზე.
„ვაჭრობა ადვილია, მაგრამ ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბება ბელარუსში ან საქართველოში საქონლის საწარმოებლად და შემდეგ მათი მსოფლიო ბაზრებზე გაყიდვა, უფრო რთული, თუმცა ეს რეალისტურია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლეონიდ ზაიაცი და მრეწველობის მინისტრი ვიტალი ვოვკი 22 აპრილს სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას შეხვდნენ და ის მემორანდუმი განიხილეს, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
რამდენიმე მინისტრმა ბელარუსის მთავრობიდან, რომლებიც ლუკაშენკოსთან ერთად ეწვივნენ საქართველოს, თავიანთ ქართველ კოლეგებთან შეთანხმებებს და მემორანდუმებს მოაწერეს ხელი მთელ რიგ სფეროებში სათანამშრომლოდ დაწყებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საბაჟო საკითხებით და დამთავრებული ჯანდაცვით, განათლებით და სოფლის მეურნეობით.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენი მთავრობები ეფექტურად იმუშავებენ და თუ ჩვენი შეთანხმებები განხორციელდება, დამიჯერეთ, ბელარუსის წვლილი საქართველოს განვითარებაში უდავო იქნება; ეს აშკარა იქნება. გვინდა, რომ ეს ჩვენი … ძმებისთვის გავაკეთოთ, ვისთანაც ერთ სახლში ვცხოვრობდით და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
„ბელარუსი განუხრელად მიიჩნევს საქართველოს მეგობარ ქვეყნად, რომელიც ჩვენთვის ძალიან ახლოა. ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ორი ქვეყნის ინტერესებში შედის“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ორ ქვეყანას „კონსტრუქციული თანამშრომლობა“ აქვთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის ეუთოს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქართველ კოლეგასთან ასევე განიხილა თბილისში ბელარუსის საელჩოს გახსნის საკითხი. საქართველომ მინსკში საელჩო 2007 წელს გახსნა.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გამოხატა „მტკიცე რწმენა“, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი „არის მხოლოდ დასაწყისი ძალიან აქტიური და ეფექტური თანამშრომლობის“.
შეხვედრის შემდეგ ორმა პრეზიდენტმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელიც იმეორებს ორი ქვეყნის მზადყოფნას მთელ რიგ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.