პარლამენტის ვიცე–სპიკერი სომეხთა მასობრივი დახოცვის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვიცე–სპიკერის მანანა კობახიძის ხელმძღვანელობით სომხეთში გამართულ იმ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ოსმალეთის იმპერიაში დაახლოებით 1.5 მილიონი სომეხის მასობრივი დახოცვის 100 წლისთავს მიეძღვნა. მომხდარი 20–ზე მეტმა ქვეყანამ გენოციდად აღიარა.
დეპუტატი მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტში სომხეთთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს.
იმავდროულად, თბილისში სომხური თემის წარმომადგენლებმა ხუთშაბათს საღამოს თურქეთის საელჩოს წინ აქცია გამართეს სომეხთა მასობრივი დახოცვის გენოციდად აღიარების მოთხოვნით. ანალოგიური აქცია თურქეთის საელჩოს წინ პარასკევსაც გაიმართა.
ყოველი წლის აპრილში სომხური თემი თხოვნით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რომ ერთი საუკუნის წინ სომეხთა მასობრივი დახოცვა გენოციდად აღიაროს. თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დაზიანების შიშით, თბილისი ამ მიმართვას რეაგირების გარეშე ტოვებს.
საკითხი დროდადრო ხანმოკლე დავის საგანი ხდება საქართველოს პარლამენტში. როდესაც 15 აპრილს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ახალქალაქიდან, სამველ პეტროსიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა, ამას ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატის მარნეული ოლქიდან, აზერ სულეიმანოვის მწვავე რეაქცია მოყვა. სამი წლის წინ ამ საკითხს ცალკეულ დეპუტატებს შორის ჩხუბი მოყვა პარლამენტში.
2011 წელს საქართველო პირველი და დღემდე ერთადერთი ქვეყანა გახდა, რომლის პარლამენტმაც რუსეთის იმპერიაში მე–19 საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობები „გენოციდად“ აღიარა.