ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები იგეგმება

სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკების გასაღება ნარკოტიკების ფლობასთან დაკავშირებული დანაშაულებისგან გაიმიჯნება და მათთან შედარებით უფრო მკაცრად დაისჯება.

თუ დღეს მოქმედი რედაქციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ისევე როგორც მათი გასაღება 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ცვლილებების განხორციელების შემდეგ, უკანონო დამზადებაზე, წარმოებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, გადაზიდვასა ან გადაგზავნაზე სასჯელი 6 წლამდე შემცირდება, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებისთვის, რომელიც დანაშაულის ცალკე კატეგორიად გამოიყოფა, სასჯელი 6-დან 11 წლამდე განისაზღვრება. ამ დანაშაულთა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა, მათ შორის რეციდივის შემთხვევები, უფრო მაღალი სასჯელებით დაისჯება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ცვლილებების მიღების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის შესრულების შემფასებელი მისიის ერთ-ერთი წევრის, ფინელი  ექსპერტის ტერჰო რაიალას რეკომენდაცია, რომ საქართველომ საკანონმდებლო ცვლილების საშუალებით გამიჯნოს ერთმანეთისგან ნარკოტიკული საშუალებების ფლობასთან და გასაღებისგან დაკავშირებული დანაშაულები.

„სხვა მოთხოვნებთან ერთად, ამ რეკომენდაციის შესრულება აუცილებელია იმისათვის, რათა 2015 წლის 21-22 მაისის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის რიგაში ევროპულმა კომისიამ გამოსცეს რეკომენდაცია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და, შესაბამისად, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესრულების შესახებ“,  – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ეს კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს 16 აპრილს წარუდგინა და მის განხილვას დეპუტატები მომავალი კვირიდან დაიწყებენ.