მარგველაშვილმა და ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტს ხელახალი ვადით არჩევა მიულოცეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს, რომელიც უკვე 25 წელიწადზე მეტია მართავს ყაზახეთს, პრეზიდენტად ხელახალი ვადით არჩევა მიულოცეს.
„საქართველოს მთავრობის და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევა“, – განაცხადა თავის მისალოც წერილში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, რომელიც ყაზახეთს 2014 წლის ნოემბერში სტუმრობდა.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ყახაზეთის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და „უდიდესი პატივისცემა“ გამოხატა ნაზარბაევის მიმართ.
ნაზარბაევმა ხმების 97.7%–ით გაიმარჯვა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც, ეუთოს დამკვირვებლების თქმით, „ამომრჩევლებს პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის ნამდვილი არჩევანის გაკეთება არ შესთავაზეს".
“ყაზახეთის მოსახლეობის ერთობა, რომელიც წარმოჩინდა საკმაოდ მაღალი აქტივობით არჩევნებზე, წარმოადგენს არა მხოლოდ ხალხის სასარგებლოდ თქვენი მრავალწლიანი დაუღალავი შრომის, არამედ ასევე თქვენ მიერ ყაზახეთის ყოველმხრივი განვითარებისათვის დასახული მიზნების უპირობო მხარდაჭერას”, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მისალოც წერილში.
„თქვენი, როგორც ბრძენი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის გამოცდილების გათვალისწინებით, ყაზახეთის ხალხმა, ეჭვგარეშეა, არჩევანი გააკეთა მშვიდობის, სტაბილურობისა და ყაზახეთის მოქალაქეთა და სრულიად რესპუბლიკის მომავალი კეთილდღეობისათვის“, – ნათქვამია მარგველაშვილის მისალოც წერილში.
„იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობის გაძლიერება, მომავალშიც იქნება თქვენი ყურადღების საგანი“, – აცხადებს მარგველაშვილი.