ევროპის საინვესტიციო ბანკმა თბილისში სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი გახსნა
ევროპის საინვესტიციო ბანკმა თბილისში 30 აპრილს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობა გახსნა.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა, რომელიც ცერემონიას დაესწრო, განაცხადა, რომ ის რეგიონის, რომელსაც ოფისი მოიცავს – აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო – „სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროპისთვის“.
„მიზეზი, რისთვისაც შეირჩა თბილისი ოფისის გასახსნელად, ნათელია – საქართველო დიდ საქმეს აკეთებს; საქართველომ გამბედავი გადაწყვეტილება მიიღო ასოცირების შეთანხმებაზე და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე“, – განუცხადა მოლტერერმა ჟურნალისტებს თბილისში.
„ევროპის საინვესტიციო ბანკი მზად არის მხარი დაუჭიროს იმ აქტიურ ევროპულ პროცესს, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. ჩვენ ამ რეგიონში ბევრ შესაძლებლობას ვხედავთ, მათ შორის საქართველოში ენერგეტიკის, ქვეყნის გამწვანებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის, განახლებად ენერგეტიკაში ინვესტიციების მხარდაჭერის, ენერგოეფექტურობის, მცირე და საშუალო საწარმოების, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით“, – განაცხადა მან.
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა თავის გამოსვლაში ცერემონიაზე, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური ოფისი თბილისში „ბევრს ნიშნავს ჩვენთვის“.
„ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი ინვესტორებისთვის, ბიზნესმენებისთვის, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „საქართველო ბუნებრივად წარმოადგენს რეგიონულ ცენტრს ჩვენი ადგილმდებარეობით, ჩვენი მისწრაფებებით, რომ ავაშენოთ რეალური ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით და ვიყოთ მართლაც გამორჩეული ლიდერი რეგიონში“.
ევროპის საინვესტიციო ბანკის თანახმად, მან გააძლიერა საკრედიტო საქმიანობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო ხუთი წლის მანძილზე, რამაც 726 მილიონ ევროს მიაღწია, საიდანაც დაახლოებით 70% საქართველოში განხორციელდა.
ასევე 30 აპრილს საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან 40 მილიონი ევროს ღირებულების სასესხო ხელშეკრულება გააფორმა მცირე და საშუალო საწარმოების პროექტების დასაფინანსებლად.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ამ ბოლო გარიგების შედეგად საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად გაფორმებული ხელშეკრულებების მოცულობა 150 მილიონ ევროს აღწევს. ბანკის მთლიანი საკრედიტო ვალდებულებები საქართველოში, დაახლოებით, 530 მილიონ ევროს აღწევს სხვადასხვა პროექტებში, დაწყებული ტრანსპორტით, წყლით და ენერგეტიკით და დამთავრებული მცირე და საშუალო საწარმოებით.