თავდაცვის, გარემოს დაცვის და სპორტის ახალი მინისტრები დასახელდა



დეპუტატი გიგლა აგულაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიუდატი და დეპუტატი თინა ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თბილისის პარლამენტის ერთ-ერთ დარბაზში, 23 აპრილი. ფოტო: საქართველოს პარლამენტი 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატი თინა ხიდაშელი თავდაცვის ახალ მინისტრად დაასახელა, რომელიც ამ პოსტზე მინდია ჯანელიძეს შეცვლის.

რაც შეეხება მთავრობაში დაგეგმილ სხვა ცვლილებებს, დეპუტატი გიგლა აგულაშვილი, რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად დასახელდა. 

ხიდაშელიც და აგულაშვილიც მმართველ კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის წევრები  არიან.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ ერთ–ერთი მფლობელი, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა ახალ მინისტრად დასახელდა.

თუ მთავრობა პარლამენტის ნდობას მოიპოვებს, სადაც კოალიცია ქართულ ოცნებას უმრავლესობა აქვს, თინა ხიდაშელი საქართველოს პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი გახდება.

თინა ხიდაშელი, რომელიც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მეუღლეა, პარლამენტში საგარეჯოს მაჟორიტარული ოლქიდან  იქნა არჩეული.

მისი დანიშნვა თავდაცვის მინისტრად იმას ნიშნავს, რომ შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში პარლამენტში ვაკანტური ადგილის შესავსებად.

დასახელებული მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში, განახლებულ მთავრობაში სამი მინისტრი იქნება რესპუბლიკური პარტიიდან  – ხიდაშელთან და აგულაშვილთან ერთად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც რესპუბლიკური პარტიის წევრია.

როდესაც ინფორმაცია ხიდაშელის შესაძლო დასახელების შესახებ პირველად  მედიაში ხუთშაბათს საღამოს გაჩნდა, ეს მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგანაც ერთი დღით ადრე პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი გამორიცხავდა რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას მთავრობაში და აცხადებდა, რომ ის მხოლოდ მთავრობის იმ ორი მინისტრის – გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრების შეცვლას გეგმავდა, რომელთაც გადადგომაზე განცხადებები დაწერეს. თავდაპირველად ის ხუთშაბათს გეგმავდა კანდიდატების დასახელებას, თუმცა შემდეგ ეს პროცედურა პარასკევისთვის გადაიდო.

პარასკევს დილით განახლებული მთავრობის შესახებ განცხადების გაკეთებისას, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა არ დააკონკრეტა თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის შეცვლის თაობაზე მისი გადაწყვეტილების მიზეზი. ამ უკანასკნელმა ეს თანამდებობა 2014 წლის ნოემბერში დაიკავა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„მოგეხსენებათ ჩვენ ვართ კოალიციური მთავრობა და ბუნებრივია, მე მივიღე გადაწყვეტილება კოალიციასთან შეთანხმებით, რომ მოხდეს კიდევ ერთი ცვლილება მთავრობაში და თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარმოგიდგენთ ქალბატონ თინა ხიდაშელს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე დაუბრუნდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობას, რომელიც მას მინისტრობამდე ეკავა.

„ყველა ეს ცვლილება, რომელიც განხორციელდა მიმართული არის მხოლოდ მთავრობის ეფექტურობის გაზრდისკენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პრეზიდენტსა და პარლამენტს, რომ მაქსიმალურად სწრაფად განახორციელონ ნდობის გამოცხადების პროცედურები.

პრეზიდენტს კონსტიტუციით შვიდი დღე აქვს განახლებული კაბინეტის პარლამენტისთვის წარსადგენად. მას არ აქვს უფლება შეცვალოს და დაბლოკოს დასახელებული კანდიდატები, რომელთაც პარლამენტი ასევე შვიდი დღის განმავლობაში იხილავს და ამტკიცებს სულ ცოტა 75 ხმით.

განახლებულ მთავრობაში სხვა მინისტრები პოსტებს ინარჩუნებენ:

  • ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე–პრემიერი – კახა კალაძე;
  • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი და ვიცე–პრემიერი – გიორგი კვირიკაშვილი;
  • ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური;
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
  • იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – თამარ ბერუჩაშვილი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ნოდარ ჯავახიშვილი;
  • განათლების მინისტრი – თამარ სანიკიძე;
  • სოფლის მეურნეობის მინისტრ – ოთარ დანელია;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი;
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი;
  • სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – დავით ბაქრაძე;
  • სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – პაატა ზაქარეიშვილი;
  • სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – გელა დუმბაძე.

თუ მთავრობა ნდობას ვერ მიიღებს, მაშინ თავდაპირველად წარდგენილ ან განახლებულ შემადგენლობას 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი. თუ ამ შემთხვევაშიც პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს მთავრობას ან არ იქნება წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მაშინ პრეზიდენტი 7 დღის ვადაში უკვე სულ ცოტა 60 პარლამენტარის მიერ წარდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრთა ორი სხვადასხვა ჯგუფიდან დასახელდება 2 კანდიდატურა, მაშინ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად მას დაასახელებს, რომელიც უფრო მეტმა დეპუტატმა წარადგინა, ხოლო თუ წარმდგენთა რაოდენობა თანაბარი იქნა, მაშინ პრეზიდენტი თავად გააკეთებს არჩევანს ერთ-ერთის სასარგებლოდ.

ამჟამად, 150-ადგილიან პარლამენტში 149 დეპუტატია. ქართული ოცნების მმართველი უმრავლესობა 87 დეპუტატით არის პარლამენტში წარმოდგენილი, ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის უმცირესობა – 50 დეპუტატით, ასევე ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატები“  – 8 დეპუტატით; ხოლო დარჩენილ ოთხ ადგილს დამოუკიდებელი დეპუტატები იკავებენ.

პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შემდეგ მოდის ორკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კაბინეტის წევრები უნდა წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად და დეპუტატებმა კენჭი უყარონ მთავრობას, რათა სულ ცოტა 75 ხმით დაამტკიცონ.

თუ მესამე ცდაზეც ვერ გამოუცხადებს პარლამენტი მთავრობას ნდობას, კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, რომელიც იმართება ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან მე-60 დღეს.

ამ გარემოებების არსებობის შემთხვევაში, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, რაც რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეულმა პარლამენტმა უნდა განახორციელოს, მთავრობის ძველი შემადგენლობა ასრულებს კვლავ მოვალეობებს პრეზიდენტის დავალებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)