თავდაცვის ახალი მინისტრი გაერთიანებული შტაბის უფროსს შეხვდა

დეპუტატი თინა ხიდაშელი, რომელიც საქართველოს პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი გახდა, გუშინ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა.

„ეს იყო ჩემთვის გაცნობითი შეხვედრა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ ხდება თავდაცვაში, რაზეც მე ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ხიდაშელმა, “დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველაზე მთავარი ამოცანა, რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი… ეს მიღწევადი იქნება და ჩვენ ერთად, მე და ბატონი ვახტანგი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გზა დავაჩქაროთ“.

„ეჭვი არ მეპარება, რომ კარგი იქნება [ხიდაშელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრად] და  ნამდვილად დადებითად და წარმატებით წაადგება შეიარაღებულ ძალებს მსგავსი ცვლილება“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ ახალი თავდაცვის მინისტრთან ქუთაისის პარლამენტში შემდგარი შეხვედრის შემდეგ. 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატი თინა ხიდაშელი თავდაცვის ახალ მინისტრად პარასკევს დილას დაასახელა. რამდენიმე საათის შემდეგ პრემიერ–მინისტრმა მისი დანიშვნის თაობაზე განკარგულებას მოაწერა ხელი.

იმ დროს, როდესაც ხიდაშელი უკვე თავდაცვის მინისტრადაა დანიშნული, იგი დეპუტატის უფლებამოსილებასაც ინარჩუნებს, რაც თანამდებობრივი შეუთავსებლობაა. 

პარლამენტი ხიდაშელისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურებს მომავალ კვირას დაიწყებს, როგორც ამის თაობაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

იგივე ეხება ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან, გიგლა აგულაშვილს, რომელიც 1 მაისს გარემოს დაცვის ახალ მინისტრად დაინიშნა. ასევე 1 მაისს პრემიერ–მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა ახალ მინისტრად დანიშნა.

თინა ხიდაშელი, რომელიც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა, პარლამენტში საგარეჯოს მაჟორიტარული ოლქიდან  იქნა არჩეული. მისი დანიშნვა თავდაცვის მინისტრად იმას ნიშნავს, რომ შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში პარლამენტში ვაკანტური ადგილის შესავსებად.

ხიდაშელმა მინისტრის პოსტზე მინდია ჯანელიძე შეცვალა. ამ უკანასკნელმა ეს თანამდებობა 2014 წლის ნოემბერში დაიკავა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა მანამდე 1 მაისს, რომ იგი ძალიან მოხარულია, რომ საქართველოს ქალი თავდაცვის მინისტრი ეყოლება.

„მინდა ვურჩიო, რომ გააგრძელოს ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. მე დიდი ხანია ვიცნობ მას და ვიცი, რომ მზრუნველი იქნება ჯარისკაცებზე და დანარჩენი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს ის იხელმძღვანელოს ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებით და არა ლოიალობით რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მიმართ“, – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს გორში, სადაც მან „თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი ოფისი გახსნა.

განახლებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა უნდა მოიპოვოს, რაც თავდაპირველად მიმდინარე კვირას იგეგმებოდა, თუმცა  მას შემდეგ გადაიდო, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება  არ წარადგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში დაუყოვნებლივ და ეს პროცედურა გადადოს ერთი კვირით, რაც პროცესს კონსტიტუციური ვადების ფარგლებში შეაფერხებს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეტენზიები გამოთქვა თავდაცვის მინისტრების ხშირი ცვლის გამო და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ორი მინისტრის ნაცვლად, სამი მთავრობის წევრის შეცვლის თაობაზე გაკეთებული მოულოდნელი განცხადება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ „მთავრობა ფორს-მაჟორის რეჟიმში მუშაობს“.

1 მაისს გავრცელებულ განცხადებაში მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მართალია „მთავრობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას", მაგრამ იმის გამო, რომ "პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ხელახალი ნდობა ჯერ ვერ გამოუცხადა, ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში“ და ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როცა 13 მაისს მთავრობამ თბილისში EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას უნდა უმასპინძლოს და ასევე მონაწილეობა უნდა მიიღოს 21-22 მაისს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში, რომლის მოსამზადებლად მინისტრების 10-ზე მეტი საგარეო ვიზიტი მომავალ კვირას არის დაგეგმილი.

„დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ჩამოთვლილი ობიექტური გარემოებები, რითაც პროცესი ტექნიკურად შეფერხდა და ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა ერთი კვირით გადაიდო“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.