მთავრობის განცხადებით, მისთვის ნდობის გამოცხადების შეფერხება „დასანანია“

„დასანანია“, რომ პრეზიდენტმა თავისი „კონსტიტუციური უფლების“ გამოყენებით, როცა  ერთი კვირით გადადო მთავრობის განახლებული შემადგენლობის პარლამენტში წარდგენა, ნდობის გამოცხადების პროცესი „ტექნიკურად“ შეაფერხა დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებების და ვიზიტების ფონზე, აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

1 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მთავრობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას", თუმცა იმის გამო, რომ "პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ხელახალი ნდობა ჯერ ვერ გამოუცხადა, ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში“ და ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როცა 13 მაისს მთავრობამ თბილისში EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას უნდა უმასპინძლოს და ასევე მონაწილეობა მიიღოს 21-22 მაისს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში, რომლის მოსამზადებლად მინისტრების 10-ზე მეტი საგარეო ვიზიტი სწორედ მომავალ კვირას არის დაგეგმილი.

„სწორედ ამ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობდა პრემიერ-მინისტრის მიმართვა, ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურების დაჩქარებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში, „საგულისხმოა, რომ აღნიშნული გარემოებები მისაღები იყო საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებისთვის და, წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ისინი მზად იყვნენ, მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება შაბათს, 2 მაისს დაგეგმილ რიგგარეშე სესიაზე მომხდარიყო“.

მთავრობა აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე „წინასწარი კომუნიკაცია“ იყო როგორც პრემიერსა და პრეზიდენტს, ისე მათ ადმინისტრაციებს შორისაც.

„დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ჩამოთვლილი ობიექტური გარემოებები, რითაც პროცესი ტექნიკურად შეფერხდა და ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა ერთი კვირით გადაიდო“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

როცა 1 მაისს დილით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრებთან ერთად, ის განახლებული კაბინეტის ფარგლებში ასევე წარადგენს დეპუტატ თინა ხიდაშელს თავდაცვის ახალ მინისტრად, პარლამენტი კი ამ დროს ნდობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად ემზადებოდა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება არ წარადგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში დაუყოვნებლივ და ეს პროცედურა გადადოს ერთი კვირით.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ „რთული გამოწვევების“ ფონზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ საკადრო ცვლილებებთან მიმართებაში „მთავრობა ფორს-მაჟორის რეჟიმში მუშაობს“ და მოუწოდა პარლამენტსა და მთავრობას „დაბალანსებული გადაწყვეტილების“ მისაღებად გამოიყენონ ერთკვირიანი ვადა, რათა „უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე“.

მთავრობის ადმინისტრაციამ, პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ გავრცელებულ თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა:  „საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, სრულიად ჩამოყალიბებულია“.

„მთავრობა მზად არის, ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იმავდროულად, მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 1 მაისით დათარიღებული დოკუმენტები პრემიერ-მინისტრის მიერ დეპუტატ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად, დეპუტატ გიგლა აგულაშვილის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად, ხოლო ტარიელ ხეჩიკაშვილის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დანიშვნის თაობაზე. 

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მინისტრების დანიშვნასთან ერთად ასევე გამოსცა ბრძანებები თავდაცვის ყოფილი მინისტრის მინდია ჯანელიძის, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
 
მინდია ჯანელიძე კი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით უკვე დაინიშნა უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს მდივნად. სწორედ ეს თანამდებობა ეკავა მას, ვიდრე 2014 წლის ნოემბერში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას გათავისუფლების შემდეგ, თავდაცვის უწყებას ხუთი თვით ჩაიბარებდა.