საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 10 მაისს ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვევა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი ასევე გამართავს მოლაპარაკებებს ევროკომისართან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და შეხვდება ევროპარლამენტარებს, პრეზიდენტის ადმინსტრაციის თანახმად.
ვიზიტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ იმართება, რომელსაც რიგა 21-22 მაისს უმასპინძლებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთობლივ წერილში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოუწოდა ევროკავშირს, რომ სამიტზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას მკაფიოდ დაუჭიროს მხარი და ასევე აღიაროს საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“.
„შეხვედრების ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, იქნება რიგის სამიტი და ის მოლოდინი, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებასა და მოსახლეობას“, – განაცხადა საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ 8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, „განვიხილავთ ასევე ქვეყანაში და მის ირგვლივ არსებულ ვითარებას, მათ შორის საკითხებს უსაფრთხოების მიმართულებით“.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ასევე გეგმავს შეხვედრას ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ბელგიის მეფე ფილიპთან.