პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომი ‘ქართველმა მოიგო’
მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ დღეს განსაკუთრებულს ხდის ის ფაქტი, რომ ეს ომი ქართველმა მოიგო; მას საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი ჰყავდა მხედველობაში.
„ეს ომი ქართველმა მოიგო და ამიტომ არის უფრო განსაკუთრებული“, – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა 9 მაისს ვაკის პარკში ჟურნალისტებს, სადაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ყოველწლიურად იკრიბებიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.
„დღეს არის დიდი დღე – დღეს არის მსოფლიოში უდიდესი ბოროტების, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი“, – განაცხადა მან ღონისძიებაზე გამოსვლისას, „335 000 ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. სწორედ ამიტომ, მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“.
დღეის მდგომაორეობით, საქართველოში დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის 1 800 ვეტერანია. წელს მთავრობამ თითოეულ ვეტერანს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავთან დაკავშირებით 1 000 ლარი გამოუყო ერთჯერადი დახმარების სახით.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მთავრობის წევრებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა 9 მაისს უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
ასევე 9 მაისს ვაკის პარკში პოლიციამ სულ ცოტა ხუთი აქტივისტი დააკავა, რომლებიც რამდენიმე ადამიანს დაუპირისპირდნენ გეორგიევსკის ლენტების ტარების გამო.
ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინის მხარდამჭერ ბაიკერთა ჯგუფი „ღამის მგლები“ თბილისში 9 მაისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში გეგმავდნენ მონაწილეობას. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა ჟურნალისტებს შაბათს ვაკის პარკში, რომ რუსი ბაიკერები შემოვიდნენ საქართველოში, თუმცა ისინი გააფრთხილეს, რომ არ მისულიყვნენ ღონისძიების ადგილას მოტოციკლეტებით და არ გაეკეთებინათ გეორგიევსკის ლენტები დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით. 9 მაისს ვაკის პარკში ქართველი ბაიკერების ჯგუფი შეიკრიბა; ისინი აცხადებდნენ, რომ რუსი ბაიკერების მოსვლის შემთხვევაში, არ მისცემდნენ მათ უფლებას, რომ რუსული სიმბოლოები გამოეჩინათ.
9 მაისს ღამით თბილისში რუსეთის რამდენიმე მოქალაქის მოტოციკლეტს საღებავი ესროლეს; თუმცა მოტოციკლეტების მფლობელებმა განუცხადეს ქართულ ტელეკომპანიებს, რომ ისინი რუსი ტურისტები იყვნენ და არაფერი ჰქონდათ საერთო არც „ღამის მგლებთან“ და არც 9 მაისის ღონისძიებებთან.
იმავდროულად, სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში, კომუნისტური პარტიის და სტალინის მხარდამჭერი ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა პრო–რუსული ჯგუფების წევრებმა 9 მაისს რამდენიმე საათით აქცია გამართეს. საბჭოთა წითელი დროშებით ხელში დემონსტრანტებმა გამარჯვების დღე აღნიშნეს და სტალინის ძეგლის აღდგენისკენაც მოუწოდეს, რომელიც 2010 წელს გორის ცენტრიდან აიღეს. მომიტინგეებს ხელში ეჭირათ ბარენები ინგლისური და რუსული წარწერებით: „იანკებო, წადით სახლში“; „არ გვჯერა ევროკავშირის ზღაპრების“; „საქართველო ევრაზიის კავშირის მომხრეა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)