მარგველაშვილი ბრიუსელს სტუმრობს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, 11 მაისს ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
12 მაისს ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს და მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა – თავისუფალი არჩევანის პარტნიორობა“, რომელიც ევროპარლამენტში 11 მაისს გაიმართება.
11 მაისს იგი ასევე შეხვდება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს.
ვიზიტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ იმართება, რომელსაც რიგა 21-22 მაისს უმასპინძლებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთობლივ წერილში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოუწოდა ევროკავშირს, რომ სამიტზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას მკაფიოდ დაუჭიროს მხარი და ასევე აღიაროს საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“.
„დღევანდელ დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური თემა არის მომავალი რიგის სამიტი. ძირითადი აქცენტი კეთდება სწორედ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზა გაიარა საქართველომ, როგორ ემზადება საქართველო რიგის სამიტისთვის და რა პერსპექტივა შეიძლება იქნას დაფიქსირებული“, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიუსელში მარგველაშვილი ასევე შეხვდება ბელგიის მეფე ფილიპს.