NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა იმ ფონზე, როცა ნატოსკენ საქართველოს მისწრაფებისადმი მხარდაჭერა მაღალი რჩება, ასევე აჩვენებს ევრაზიის კავშირში ქვეყნის გაწევრიანების მსურველთა ზრდის დინამიკას.
გამოკითხვა, რომლის შედეგებიც ნაწილიც 11 მაისს გამოქვეყნდა, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით 27 მარტიდან 19 აპრილამდე პერიოდში აწარმოა საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 4 360 რესპონდენტის პირისპირ ინტერვიუს გზით; კვლევაში ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3%.
გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია რუსეთის ინიცირებულ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება. 2014 წლის აგვისტოს კვლევაში, როცა რესპოდენტებს ჰკითხეს, უპირატესობას ევრაზიულ კავშირს ანიჭებდნენ თუ ევროკავშირს, 20%-მა რუსეთის დაფუძნებული კავშირის, ხოლო 59%-მა ევროკავშირის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. 2013 წლის ნოემბერში ეს არჩევანი, შესაბამისად, 11% და 68% იყო.
ბოლო კვლევაში დასმულ მსგავს, თუმცა არა იდენტურ შეკითხვაზე, 49%-მა უპასუხა, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით, ხოლო 26%-ი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ქვეყანა მეტად ისარგებლებს, „თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“.
65% აცხადებს, რომ მხარს უჭერს მთავრობის გაცხადებულ მიზანს საქართველო გახდეს ნატოს წევრი, რაც მცირედით დაკლებულია აგვისტოს შემდეგ, როცა ეს მაჩვენებელი 72%-ს შეადგენდა. 68%-ისთვის მისაღებია გასულ ზაფხულს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება. ეს დამოკიდებულება 2014 წლის აგვისტოს კვლევასთან მიმართებაში სტატისტიკურად უცვლელი დარჩა.
რესპოდენტთა 80% ფიქრობს, რომ რუსეთს გავლენა აქვს საქართველოზე და 76%-ს მათგან, ვინც ასე თვლის, სჯერა, რომ ეს გავლენა „უარყოფითია“. 55%-მა განაცხადა, რომ რუსეთის გავლენა საქართველოზე მომდევნო ორ წელიწადში გაიზრდება.
აგვისტოში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შემდეგ 40%-დან 23%-მდე დაეცა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 16%-დან 37%-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც საპირისპიროს ფიქრობს. 34%-ის აზრით, საქართველო „საერთოდ არ იცვლება“.
ასევე პირველად მოხდა, რომ რესპოდენტთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ატარებს (49%) აჭარბებს მათ, ვინც მთავრობის პოლიტიკაში სასიკეთო ცვლილებებს ხედავს (44%) – ეს მონაცემები, აგვისტოში, შესაბამისად, 36% და 52% იყო.
ამასთან, გამოკითხულთა 56% არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მათ პრობლემებს „საპარლამენტო ოპოზიცია“, რომელიც მოიცავს როგორც ნაციონალურ მოძრაობას, ისე ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“, უკეთ მოაგვარებდა და მხოლოდ, 22%-ს ამის სჯერა. გამოკითხულთა 84% ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობის საჭიროებაზე მიუთითებს.
პოლიტიკური რეიტინგების ნაწილს NDI-ი 13 მაისისთვის გამოაქვეყნებს.
კვლევა გამოკითხულთა ოპტიმისტურ განწყობებს აჩვენებს, რადგან რესპოდენტთა 40% ფიქრობს, რომ 2 წლის შემდეგ საქართველოში დღევანდელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება და მხოლოდ 15%-ია პესიმისტურად განწყობილი. 27%-ს ჰგონია, რომ არაფერი შეიცვლება, ხოლო 18%-ს არ აქვს პასუხი.
რესპოდენტთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყნაში აზრის გამოხატვა თავისუფლად არის შესაძლებელი (80%) და არასამთავრობო ორგანიზაციებს მთავრობის კონტროლისა და თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ (60%).
65%-ის აზრით, მთავრობამ უნდა შეზღუდოს ისეთი ენის გამოყენება, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა ჯგუფებისთვის შეურაცხმყოფელი იყოს, 46% კი თვლის, რომ ადამიანებს, იმის მიუხედავად, თუ რამდენად შეურაცხმყოფელია ეს გარკვეული ჯგუფებისთვის, უნდა ჰქონდეთ უფლება თქვან და დაწერონ ის, რაც სურთ.
გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა განსხვავებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების (92%), რელიგიური უმცირესობების (70%) და ეთნიკური უმცირესობებისგან (68%), მხოლოდ 22% ფიქრობს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.
ბოლო პერიოდში გააქტუალურებულ თემაზე დასმულ კითხვას, თუ რამდენად უჭერენ მხარს პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებას, რესპოდენტთა 68% დადებითად პასუხობს და მხოლოდ 16%-ია წინააღმდეგი იმ ფონზე, როცა 15%-ს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
„ყველაზე მნიშვნელოვან“ ეროვნულ საკითხებად რესპოდენტებისთვის პირველ ადგილზე კვლავ სამუშაო ადგილები რჩება (66%), შემდეგ მოდის ფასების ზრდა (43%) და სიღარიბე (39%). ფასების ზრდა ამ სამეულში 2011 წლის შემდეგ პირველად მოხვდა, რამაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მეოთხე ადგილზე გადაანაცვლა (27%).