საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ბრიუსელში 11 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის განხორციელება კარგად მიმდინარეობს.

სტოლტენბერგმა გაიმეორა, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც არსებითი პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია, საქართველოში მიმდინარე წელს ჩამოყალიბდება.

„საქართველო უახლოვდება ნატოს“, – განაცხადა მან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, „ჩვენ მოუთმენლად ველით ამ გზაზე თქვენთან მუშაობის გაგრძელებას“.

„დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს პროგრესი თავდაცვის სექტორის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მივესალმებით თქვენს ამბიციურ გეგმებს, რომლებიც მიმდინარე წლისთვის დაისახეთ. მოგიწოდებთ გააღრმავოთ დემოკრატიული რეფორმები. ეს მოიცავს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას,“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.   

სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში „მნიშვნელოვანი როლისთვის“, სადაც საქართველო ახლა მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანაა „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, რომლის ფარგლებშიც 850 ქართველი სამხედრო მსახურობს, რაც თითქმის განახევრებული რაოდენობაა  წინა, ISAF-ის მისიის შემდეგ, როცა ქართული კონტიგენტი 1 600-ს აღწევდა. „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ქართული ძალების მოვალეობები მოიცავს უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სწრაფი რეაგირების ქმედებებს. როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა, გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ აპრილში ავღანეთში სტუმრობისას განაცხადა, მართალია მისიის შეცვლის შემდეგ საქართველოს კონტიგენტი შემცირდა, მაგრამ პასუხისმგებლობა გაიზარდა.

ქართული ძალები ქაბულში, ასევე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე არიან განთავსებულნი.

„ნატო მზად არის დაეხმაროს საქართველოს მისი თავდაცვის სისტემის მეტად მოდერნიზაციაში. ეს დაგეხმარებათ, რომ  ნატოს წევრობის მისწრაფებას მიუახლოვდეთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაადასტურა საქართველოს სურვილი გახდეს ალიანსის წევრი და განაცხადა: „საქართველო გააგრძელებს სვლას დემოკრატიისკენ, იმ ღირებულებების დამკვიდრებისკენ, რაზეც ალიანსია აგებული და ასევე განვაგრძობთ სამხედრო თანამშრომლობას“.