ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა თბილისში მოლაპარაკებები გამართა

ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ჰან ჩანგფუ 11 მაისს თბილისში თავის ქართველ კოლეგას ოთარ დანელიას და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ, „აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი პარტნიორობის მნიშვნელოვნად ზრდის დინამიკას“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ვიცე–პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ჩინეთს მარტში სტუმრობდა.

ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა აგრარულ სექტორში თანამშრომლობის ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის ჩინეთს, რომლისგანაც შარშან გრანტის სახით საჩუქრად 30 ერთეული თანამედროვე ტექნიკა მიიღო. აღნიშნული ტექნიკა საქართველოში საირიგაციო სისტემებზე მიმდინარე სამუშაოებისთვის გამოიყენება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოსცემს 26 ერთეულ სამელიორაციო ტექნიკას, რომლის ღირებულება 10 764 000 აშშ დოლარს შეადგენს.

თავისი ვიზიტის პირველ დღეს 10 მაისს ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში რამდენიმე ღვინის ქარხანას ესტუმრა.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჩინეთი ქართული ღვინისთვის მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია.  2015 წლის პირველ ოთხ თვეში ჩინეთში 494 478 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 87%–იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)