დეპუტატი თამარ კორძაია ქართული ოცნების ფრაქციიდან რესპუბლიკელებში გადადის

დეპუტატმა თამარ კორძაიამ საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა და ასევე უმრავლესობაში შემავალ ფრაქცია „რესპუბლიკელებში“ გადადის.

მან განაცხადა, რომ მისთვის უფრო „ახლობელი, ლიბერალური ღირებულებების ნაწილში“ რესპუბლიკური პარტიაა.  

თამარ კორძაია  პარლამენტის წევრი 2013 წლის მაისში გახდა მას შემდეგ, რაც ის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარდგინებით შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის ამომრჩეველმა თავიანთ მაჟორიტარად აირჩია. ამ ორი წლის განმავლობაში მიუხედევად იმისა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო, კორძაიას მოსაზრებები ხშირად  რესპუბლიკელთა პოზიციებს ემთხვეოდა.

რესპუბლიკელების ფრაქციაში ამჟამად წევრთა რაოდენობა 7-მდეა შემცირებული, რადგან ორი ყოფილი რესპუბლიკელი დეპუტატი თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი, შესაბამისად თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებად დაინიშნენ.

კორძაიას გაწევრიანების და ასევე მას შემდეგ, რაც აგულაშვილის ადგილმონაცვლე ახალი რესპუბლიკელი დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს პარლამენტი, ფრაქცია რესპუბლიკელებში წევრთა რაოდენობა კვლავ 9-მდე გაიზრდება. 

რაც შეეხება საგარეჯოს მაჟორიტარული ოლქიდან არჩეული თინა ხიდაშელის ვაკანტურ ადგილს, ის ოქტომბერში შუალედური არჩევნების ჩატარების შედეგად შეივსება. შუალედური არჩევნები ასევე მოსალოდნელია მარტვილშიც, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების გამო.