თბილისში EBRD–ის ყოველწლიური შეხვედრა გაიხსნა
დაახლოებით 2 000 დელეგატი, მათ შორის 60–ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და ბიზნესის წარმომადგენელი შეიკრიბა თბილისში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ორდღიან ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
შეხვედრა, რომელიც პირველი ამ ტიპის შეხვედრაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, 14 მაისს გაიხსნა და EBRD–ის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის გარდა, ასევე მოიცავს საპანელო განხილვებს და ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის შესახებ სხდომებს.
საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს ღონისძიება კარგი შანსია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების საჩვენებლად.
შეხვედრის გახსნაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო „ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია ინვესტიციებისთვის“, სადაც „მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემა“ და „დაბალი გადასახადებია“. იგი ასევე მიესალმა საქართველოს „ხანგრძლივ, მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას“ EBRD–სთან და აღნიშნა, რომ „გასულ წელს პრაქტიკულად გაორმაგდა ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები და 200 მილიონ ევროს გადააჭარბა“.
EBRD–ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა 14 მაისის შეხვედრაზე, რომ ბანკმა „მოქნილად და წარმატებით“ უპასუხა იმ მზარდ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გაურკვევლობას, რომლის წინაშეც რეგიონი დგას.
ასევე 14 მაისს EBRD–იმ რეგიონალური ეკონომიკის ახალი პერსპექტივები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბანკის საქმიანობის არეალში ზრდის სტაგნაცია მოხდება.
EBRD–ი ელის, რომ 2015 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.3%–მდე შენელდება, ვინაიდან რუსეთში არსებული რეცესია და უკრაინის კონფლიქტი დიდ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს.
„მიუხედავად იმისა, რომ [საქართველოს] ეკონომიკური კავშირები [რუსეთთან] უფრო ნაკლებია, ვიდრე წარსულში იყო… რუსეთის რეცესია მაინც ახდენს გავლენას საქართველოზე. წელს საქართველოში 2–2.3%–იან ზრდას ველით, რაც რეგიონის დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, უკეთესია“, – განაცხადა EBRD–ის მთავარმა ეკონომისტმა, ჰანს პიტერ ლანკესმა თბილისში.
ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირებამ უარყოფითი გავლენა იქონია ეკონომიკურ ზრდაზე და გადახდების საგარეო ბალანსზე იმ ფონზე, როდესაც ქართული ლარი წლის დასაწყისიდან 18%–ით, ხოლო ნოემბრის დასაწყისიდან, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, 34.6%–ით გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებაში.
EBRD–ის შეფასებით, ბელარუსმა, საქართველომ და მოლდოვამ წლის დასაწყისიდან თავიანთი ვალუტების ყველაზე დიდი გაუფასურება განიცადეს – 15%–დან 25%–მდე აშშ დოლართან მიმართებაში.
„ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, რაც ეკონომიკაში მნიშვნელოვანი დოლარიზაციის ფონზე, ვადაგადაცილებული სესხების ზრდას იწვევს“, – ნათქვამია EBRD–ის რეგიონალური ეკონომიკის პერსპექტივის შეფასებაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ადგილობრივი პოლიტიკური გაურკვევლობა ნდობასა და ეკონომიკურ ზრდას უშლის ხელს. ამავე დოკუმენტის თანახმად, 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 2.6%–მდე შემცირდება, რაზეც უარყოფითი გარე ფაქტორები და მზარდი ვადაგადაცილებული სესხები მოახდენენ გავლენას, რადგანაც 2014–2015 წლებში ლარის გაუფასურების გავლენა და ეკონომიკის შენელება თვალშისაცემი გახდება.