საქართველო რაგბის 20-წლამდელთა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო რაგბში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2017 წელს უმასპინძლებს მსოფლიო რაგბის საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც მან 13 მაისს დუბლინში ერთსულოვნად მიიღო, იტყობინება მსოფლიო რაგბი.

„2017 წლის ამ უდიდეს ღონისძიებაში მონაწილეობისას, მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან მდიდარი კულტურული და სპორტული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნის უნიკალური სტუმართმოყვარეობითა და თბილი დახვედრით“, – განაცხადა მსოფლიო რაგბის თავმჯდომარემ, ბერნარდ ლაპასემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ამ ტურნირის მასპინძლობისათვის გაწეული ინვესტიციისთვის.

ტურნირის ზუსტი განრიგი, რომელიც ორ წელიწადში თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება, უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

„ეს ასპარეზობა საქართველოში რაგბის პოპულარიზაციისათვის კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს და მოხარული ვართ, რომ ჩვენ აგვირჩიეს ამ ღონისძიების მასპინძლად“, – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა  გია ნიჟარაძემ, „ეს არის იმ დონის აღიარება, რომელსაც ქართულმა რაგბიმ მიაღწია და აჩვენებს იმას, თუ რა გაკეთდა აქ რაგბის განვითარებისთვის“.