რიგის სამიტამდე ბრატისლავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 მაისს ბრატისლავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე მსჯელობის მიზნით შეხვედრა გამართეს თავიანთ კოლეგებთან ვიშეგრადის ჯგუფის და ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოდან.
ვიშეგრადის ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი, შევედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით.
„დღეს ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგს უნდა მივაღწიოთ რიგის სამიტზე“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა შეხვედრის შემდეგ.
„მჯერა, რომ რიგაში შევძლებთ მივაღწიოთ ძალიან კონკრეტულ შედეგებს და ძალიან კონკრეტულ საგზაო რუკას მომავლისთვის“, – განაცხადა მან.
„პირველ რიგში, ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას მეტი დიფერენცირება სჭირდება“, – განაცხადა რინკევიჩსმა და დასძინა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს სახელმწიფოს – სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას – ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართ „ინტერესის სხვადასხვა დონე აქვს“.
„ჩემზე ნამდვილად მოახდინა შთაბეჭდილება – და ეს საერთო გზავნილია, რომელიც გუშინ გავახმოვანეთ და რიგაშიც გავახმოვანებთ – იმ პროგრესმა, რომელსაც ჩვენი პარტნიორები აღწევენ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ რიგის სამიტმა უნდა გამოიღოს უფრო კონკრეტული შედეგები და საგზაო რუკა სხვადასხვა პარტნიორების მობილობის ან ვიზალიბერალიზაციის და ხელშეწყობის მიმართ“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სავარაუდოდ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების საპასუხოდ, რომ თითქოსდა რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტის ტექსტი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე წინა სამიტებისა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რიგის სამიტზე „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ყველა წინა სამიტის გადაწყვეტილებებს, ყველა ორმხრივ შეთანხმებას ევროკავშირსა და პარტნიორებს შორის“.
„ამრიგად, რიგა [სამიტი] უფრო ნაკლები არ იქნება“, – განაგრძო მან. „რიგა ფაქტიურად იქნება სამიტი, სადაც ჩვენ დავინახავთ აღმოსავლელ პარტნიორ ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობების მტკიცე განვითარებას“.
მან ასევე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე „ღია საკითხი“ და რიგის სამიტის დეკლარაციის ტექსტზე მუშაობა გრძელდება.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა, რომელიც ბრატისლავას შეხვედრას მასპინძლობდა, და მისმა ლატვიელმა კოლეგამ ხაზი გაუსვეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა „არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა აპრილის ბოლოს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა „ანტი–რუსულია“.