ლარი 21 მაისს 3%-ით გამყარდა აშშ დოლართან მიმართებაში
ქართული ლარი, რომელმაც ბოლო ექვსი თვის მანძილზე მნიშვნელოვანი გაუფასურება განიციდა, 21 მაისს ბოლო ერთ თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გამყარდა.
ხუთშაბათს შუადღისთვის ლარი დაახლოებით 3%–ით გამყარდა და აშშ დოლართან მიმართებაში 2.2545 შეადგინა, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2.5%–ით გამყარდა და 2.5151 შეადგინა.
თუმცა, ის კვლავ 28.5%–ით არის გაუფასურებული დოლართან მიმართებაში ნოემბრის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც მან პირველად დაიწყო დაცემა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა 21 მაისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოსმენაზე განუცხადა დეპუტატებს, რომ ბოლო დღეებში ლარის გამყარებას აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, იმპორტის მოცულობის 19%–იანმა კლებამ და ბაზრის მონაწილეთა მხრიდან გადაჭარბებული რეაგირების ფაქტორის მოხსნამ შეუწყო ხელი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2015 წლის პირველ ოთხ თვეში 13%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ექსპორტის მოცულობა 26%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. იმპორტი იანვარ–აპრილში 13%–ით შემცირდა, რაც სუსტ შიდა მოთხოვნასა და ეკონომიკური ზრდის შენელებაზე მიუთითებს.
საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტს კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ადეკვატური იყო ეროვნული ბანკის ინტერვენცია ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე შესუსტებული ლარის მხარდასაჭერად.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე წელს 200 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. მთავრობის ზოგიერთმა წევრმა, მათ შორის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ქართული ოცნების დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეროვნული ბანკი უფრო აქტიურად უნდა ჩარეულიყო.
არჩილ მესტვირიშვილმა განუცხადა დეპუტატებს 21 მაისს, რომ ეროვნული ბანკი მინიმალური ინტერვენციების პოლიტიკას ახორციელებს.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ეროვნული ბანკის პოზიცია, რომ მნიშვნელოვანი საგარეო ეკონომიკური შოკების დროს, რომელსაც პოტენციურად გრძელვადიანი შედეგები მოყვება, ფართო ინტერვენციების განხორციელება „კონტრპროდუქტიული“ იქნებოდა.
მესტვირიშვილი საკომიტეტო მოსმენაზე ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის წარსადგენად მივიდა. ანგარიშმა კომიტეტის წევრების (ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მოსმენას არ ესწრებოდნენ) მოწონება ვერ დაიმსახურა. ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი უფრო „თვითკრიტიკული“ უნდა იყოს ლარის გაუფასურების საკითხის მიმართ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საკომიტეტო მოსმენაზე მომდევნო კვირას მივა და ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს წარადგენს, რომელიც 2014 წელს მოიცავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)