საქართველო რიგის სამიტის დეკლარაციაში

ევროკავშირმა განაცხადა რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიანი სამიტის შემდეგ, რომ საქართველოს და უკრაინის მიერ რეფორმების კუთხით დასახული ყველა კრიტერიუმის შესრულება საშუალებას მისცემს ევროკომისიას, რომ ამ ორი ქვეყნისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წინადადება დააყენოს.

22 მაისს რიგის სამიტის დასრულების შემდეგ მიღებული დეკლარაცია „გულთბილად“ მიესალმება „იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ და უკრაინამ მიაღწიეს თავიანთი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების განხორციელებაში, როგორც ეს ევროკომისიის ბოლო ანგარიშებშია აღწერილი“.  

ანგარიში, რომელზეც დეკლარაციაშია საუბარი, აღნიშნავს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით დასახული ამოცანების შესრულებაში, რაც იმისთვის არის საჭირო, რომ ქვეყანამ შენგენის ზონაში მოკლევადიან უვიზო მიმოსვლას მიაღწიოს; თუმცა, ის ასევე განსაზღვრავს იმ სფეროებს, სადაც ქვეყანას ჯერ კიდევ შესასრულებელი რჩება ამოცანები.

„ისინი მოუთმენლად ელიან უკრაინის და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების მეორე ფაზის განხორციელების დასრულებას, როდესაც შესრულდება ყველა ამოცანა საჭირო რეფორმის განხორციელების გზით და მიესალმებიან კომისიის მზადყოფნას ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უკრაინას და საქართველოს თავიანთი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების განხორციელებაში დაეხმარონ, და ასევე  მის გადაწყვეტილებას, რომ მომდევნო ანგარიში საქართველოს და უკრაინის მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე 2015 წლის ბოლოს გამოაქვეყნოს“, – ნათქვამია რიგის სამიტის დეკლარაციაში.  

„ყველა ამოცანის შესრულება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესის დასრულებას შეუწყობს ხელს, ხოლო კომისიას საშუალებას მისცემს შესთავაზოს ევროპარლამენტს და [ევროპულ] საბჭოს, რომ უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები სავიზო მოთხოვნებისგან გაათავისუფლოს“, – ნათქვამია დეკლარაციაში. 

მომდევნო შეფასების ვადა – „2015 წლის ბოლო“ – უკვე დადგენილი იყო ევროკომისიის მიერ საქართველოს და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების განხორციელების თაობაზე მომზადებულ ბოლო ანგარიშებში. რიგის სამიტის დეკლარაციაში არ არის მითითებული ვადა, თუ როდის მიიღებს ორი ქვეყანა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მას შემდეგ, რაც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

კითხვაზე იქნება თუ არა შესაძლებელი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება მომავალ წელს, ლატვიის პრემიერ–მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ განაცხადა სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, რომ თუ წლის ბოლოს ევროკომისია დადებით შეფასებას მოამზადებს, „მაშინ საქართველო და უკრაინა მომავალ წელს უვიზო რეჟიმს მიიღებენ“.

იმავე კითხვაზე პასუხისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან–კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ საქართველომ და უკრაინამ „უზარმაზარ პროგრესს“ მიაღწიეს ბოლო თვეებში და დასძინა, რომ მან საქართველოს და უკრაინის ხელისუფალთ გადასცა „საკითხების ნუსხა, რომლებზეც საქართველომ და უკრაინამ გარკვეულ პროგრესს უნდა მიაღწიონ“.

იუნკერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკომისია მომდევნო შეფასებას 15 დეკემბრისთვის გამოაქვეყნებს და შემდეგ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.

„მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი უკრაინისა და საქართველოსთვის სავიზო რეჟიმების ლიბერალიზაციის მიმართ“, – დასძინა იუნკერმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა იმავე საკითხზე, რომ „პოლიტიკური განწყობა“ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის „ძალიან ოპტიმისტურია“.

„როგორც იცით, ამ პროცესს [ვიზალიბერალიზაციას] ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდება“, – განაცხადა მან, „ყველაზე იმედისმომცემი ის იყო, რომ ყველა მათგანმა [სამიტზე დამსწრე ევროკავშირის ლიდერებმა] აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სავიზო რეჟიმის შესახებ ეს პროცესი. პოლიტიკური განწყობა ძალიან პასუხისმგებლიანი და ძალიან ოპტიმისტური იყო“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საქართველომ, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად წამოაყენა სამიტამდე, იყო ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივის მიცემა.

თუმცა რიგის სამიტის დეკლარაცია 2013 წლის ვილნიუსის სამიტზე მიღებული დეკლარაციის ფორმულირებას იმეორებს და აცხადებს, რომ „სამიტის მონაწილეები აღიარებენ დაინტერესებული პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ტექსტთან დაკავშირებით რთულ დისკუსიას ჰქონდა ადგილი და „ძალიან რთული“ გახდა, რომ საბოლოო დეკლარაციაში „ევროპული მისწრაფებების“ აღიარების შესახებ ეს ფორმულირება შეეტანათ. 

„არავის მიუცია დაპირება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირში წევრობისკენ ავტომატური გზა იქნებოდა“, – განაცხადა ტუსკმა უკრაინელი ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, „ეს ხანგრძლივი პროცესია, თქვენ გყავთ მეგობრები და მტრები და სკეპტიკოსები ევროპაში. ამ ძალიან რთულ დროს, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენს რეგიონში, ის, რომ ასეთ ამბიციურ ჩანაწერს მივაღწიეთ ჩვენს დეკლარაციაში, უნდა დავაფასოთ. ასევე ძალიან რთული და მომთხოვნი პროცესი იყო ჩვენი პარტნიორების დარწმუნება; ასეთი ამბიციური ჩანაწერი ჩვენ საერთო ტექსტში შესაძლოა მაქსიმუმი იყოს იმისა, რისი მიღწევაც დღეს შეგვიძლია“. 

რიგის სამიტის დეკლარაცია ადასტურებს „თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებას თავისუფლად აირჩიოს იმ ამბიციის დონე და მიზნები, რომლისკენაც ისწრაფვის ევროკავშირთან ურთიერთობებში“.

„ევროკავშირმა და მისმა სუვერენულმა პარტნიორებმა უნდა გადაწყვიტონ როგორ უნდა განავითარონ თავიანთი ურთიერთობები“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებების განხორციელება „ევროკავშირის და მისი პარტნიორების მთავარ პრიორტეტს წარმოადგენს მომდევნო წლებში“.

ის ასევე ადასტურებს ევროკავშირის დიფერენცირებულ მიდგომას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და აცხადებს, რომ ევროკავშირის „სტიმულირებაზე დაფუძნებული მიდგომა („მეტი მეტისთვის“) იმ პარტნიორებს მოუტანს სარგებელს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ჩართულნი რეფორმებში“.

„ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა მისი ყველა პარტნიორის მიმართ რეფორმების კუთხით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით იქნება განპირობებული“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა „ყველა მისი პარტნიორის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლების და სუვერენიტეტის მიმართ“.

„უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა და 2014 წლის შემდეგ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში  სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა ჯეროვნად არ ხდება ევროპის კონტინენტზე 21–ე საუკუნეში“, – ნათქვამია რიგის სამიტის დეკლარაციაში, „ახსენებენ რა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების საჭიროებას, სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ იმეორებენ თავიანთ მზადყოფნას საქართველოში კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევის კუთხით, მათ შორის სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე თანათავმჯდომარეობის და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულ განხორციელების გზით“.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)