ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სამ თანაპარტიელთან ერთად ნაცმოძრაობის დატოვებას ადასტურებს

ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მან დეპუტატ თანაპარტიელებთან პავლე კუბლაშვილთან, გოგა ხაჩიძესთან და გიორგი მელაძესთან ერთად როგორც პარტია, ისევე ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაც დატოვა.

„ოთხშაბათს მოხდება ამ ყველაფრის ფორმალურად გაფორმება“, – განაცხადა ჯაფარიძემ Facebook-ის გვერდზე 25 მაისს საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია პარტიიდან ამ დეპუტატების წასვლის თაობაზე.

„ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე. მეტიც, თანამოაზრეებთან ერთად გაცილებით მეტი შემართებითა და ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის მმართველობა, ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზას და ეკონომიკურ წინსვლას“, – დაწერა მან.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ საზოგადოებას ოთხშაბათს ეცნობება. 

„მიზეზები, რომელთა გამოც გადავდგით ეს ნაბიჯი, გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად უადგილო განცხადებები ‘უპასუხისმგებლობასა’ და ‘წნეხის ვერ გაძლებასთან’ დაკავშირებით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის და ნაციონალური მოძრაობის კიდევ სამი წევრის გადაწყვეტილების კომენტირებისას, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფება; მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ოთხმა დეპუტატმა სწორედ ამ „წნეხის“ გამო დატოვა პარტია და დასძინა, რომ პარტიის დატოვება მოცემულ მომეტში „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ გადაწყვეტილება იყო.

ოთხი დეპუტატის მიერ პარტიის დატოვების შედეგად, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატთა რაოდენობა პარლამენტში 46–მდე შემცირდა.