პრეზიდენტი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიანიშნა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, მას ვეტოს დადება მოუწევს კანონპროექტზე, რომლითაც საქართველოს ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედვებლობის ფუნქციები ჩამოერთმევა.
29 მაისს თბილისში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა უარყოფითი პოზიცია კანონპროექტის მიმართ და განაცხადა, რომ „არსებობს ბევრი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს და არ არსებობს კონკრეტული, განსაზღვრული მიზეზი, თუ რატომ უნდა შევცვალოთ კანონმდებლობა და არსებული გარემო“.
„ვიმედოვნებ, რომ ისეთ კანონს არ ვიხილავთ პარლამენტში, რომელზე ვეტოს დადებაც მოუწევს პრეზიდენტს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან ქართული ოცნების დეპუტატები, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და მისი მოადგილე ნოდარ ებანოიძე რესპუბლიკელებიდან, პარლამენტს 21 მაისს წარედგინა განსახილველად, თუმცა მისი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებს 2015 წლის 1 ივლისიდან საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას, რომელსაც სრულად გადაეცემა კომერციული და არაკომერციული საფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის ფუნქციები, მათ შორის კომერციული ბანკების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ლიცენზირების, შემოწმებისა და რეგულირების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების უფლება, რაც ამჟამად ეროვნული ბანკის მოვალეობებში შედის.
კანონპროექტის თანახმად, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უხელმძღვანელებს 7-წევრიანი საბჭო, რომლის შემადგენლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ასევე შევლენ პარლამენტის მიერ წევრებად არჩეული საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ექნებათ. ამ საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც წევრები საბჭოს შემადგენლობიდან თავად აირჩევენ და ის არ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 5 წლის ვადით, საბჭოსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე თავად დანიშნავს და გაათავისუფლებს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს.
კანონპროექტის ერთ–ერთმა ავტორმა, თამაზ მეჭიაურმა ღიად განაცხადა 22 მაისს, რომ ეროვნული ბანკის საბჭო „აბსოლუტურად არ ასახავს იმ ძალების ინტერესებს, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში“. მან ასევე განაცხადა, რომ ამის გამო მთავრობას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია საბანკო სექტორში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
29 მაისს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე საუბრისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესში „ნაკლები პოლიტიკა“ უნდა იყოს.
„ვფიქრობ ამ ტიპის გადაწყვეტილებები არ უწყობს ხელს ჩვენს საბოლოო მიზანს ეკონომიკის გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ბიზნეს ასოციაციებმა გააფრთხილეს გასულ კვირას გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომ კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში ქვეყნის საბანკო სექტორს საფრთხეს შეუქმნის.