პოლიციის დღეს ღარიბაშვილი შეეცადა ‘გაუგებრობის’ გაქარწყლებას შსს–ს დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით



ქუთაისში 31 მაისს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე საპატრულო პოლიციის მანქანები და პოლიციელები ჩანან სხვადასხვა დანაყოფებიდან. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ქუთაისში 31 მაისს პოლიციის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა პოლიციელებს, რომ არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომ ეჭვის თვალით უყურონ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგეგმილ რეფორმას.
 
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ წელს ვიწყებთ თქვენი სამინისტროს რეფორმირების პროცესს. მე ვიცი, რომ თქვენში ეს ბევრ კითხვას ბადებს, არსებობს გარკვეული გაუგებრობაც. მანამ, სანამ არ მოხდება ამ რეფორმის განხორციელება, მე აბსოლუტურად მესმის თქვენი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
„მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო არ გააკეთებს არაფერს ისეთს, რომ დავასუსტოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მან ქუთაისში გამართულ ცერემონიაზე.
 
ცერემონიას ასევე დაესწრო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც შეაქო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, როგორც „ძალიან კარგი და პროფესიონალი მინისტრი“.
 
უშიშროების და დაზვერვის სამსახურები გამოეყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცალკე სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩამოყალიბდება, იმ რეფორმის თანახმად, რომელიც უკვე წარედგინა პარლამენტს განსახილველად.
 
შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები 2004 წელს გაერთიანდა. ამჟამად ის თავის დაქვემდებარებაში მთელ რიგ ძალოვან სტრუქტურებს აერთიანებს, დაწყებული პოლიციის, უშიშროების და დაზვერვის სამსახურებით და დამთავრებული სასაზღვრო პოლიციითა და სანაპირო დაცვით.
 
მთავრობის მიერ შემოთავაზებული გეგმის თანახმად, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს პრემიერ–მინისტრი წარადგენს; კანდიდატს დეპუტატების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა დასჭირდება ექვსწლიანი ვადით სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნისთვის. იგივე პირს ზედიზედ მეორე ვადით ამ თანამდებობის დაკავების უფლება არ ექნება.
 
სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში სხვა სტრუქტურებთან ერთად ასევე შევა კონტრდაზვერვის, ანტიტერორისტული ცენტრი და ოპერატიულ–ტექნიკური დეპარტამენტი, რომელიც ფარული თვალთვალის მიმართულებას კურირებს.
 
ცერემონიაზე გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ასევე უთხრა პოლიციელებს, რომ „პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს ხშირად ავიწყდებათ, რაოდენ მძიმე ტვირთს ატარებთ თქვენ“.
 
32 წლის ღარიბაშვილმა, რომელიც 2013 წლის ნოემბერში პრემიერ–მინისტრად დანიშვნამდე შს მინისტრი იყო, განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი პრინციპებია კანონმორჩილი და ადამიანზე ორიენტირებული პოლიცია. 
 
„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ამ სისტემის გარდაქმნის საქმეში. სწორედ ჩემ დროს დაიწყო ის ძირეული რეფორმები, ის ტრანსფორმაცია, რამაც განაპირობა პოლიციელების სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება“, – განაცხადა მან, „ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ იმას, რომ დღეს პოლიციელები დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ მაღალი პროფესიონალიზმით, დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით… ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულის აღკვეთა და დანაშაულთან ბრძოლა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც არის ასევე ერთ–ერთი მთავარი პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ჩვენი მიზანია მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს“.   
 
თავის გამოსვლაში ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარების თანხა გაიზრდება 100 000 ლარამდე, ხოლო ყოველთვიური  კომპენსაციების სახით ისინი 1000 ლარს მიიღებენ. ეს ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა. 
 


მარცხნიდან მარჯვნივ: სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი; შს მინისტრი ვახტანგ გომელაური; პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის აღჭურვილობას ათვალიერებენ, რომელიც 31 მაისს ქუთაისში საქართველოს პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამოიფინა. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

იმავე ცერემონიაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ქართულმა პოლიციამ „დანაშაულზე რეაგირებიდან კიდევ უფრო შიგნით შეიწიოს დანაშაულის პრევენციაზე“.  

„ნდობა საზოგადოებასთან, სიახლოვე საზოგადოებასთან, კონტაქტი საზოგადოებრივ ჯგუფებთან – ეს ის არის, რაც ბუნებრივად პოლიციის საქმეა. პოლიცია მოწოდებულია ჩვეულებრივი მოქალაქის დაცვისკენ და მე მჯერა, რომ ეს გზა გაგრძელდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
 
„ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს ის სულისკვეთება, რომელსაც მე ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ თქვენ გყავთ ძალიან კარგი და პროფესიონალი შინაგან საქმეთა მინისტრი“, – მიმართა მარგველაშვილმა პოლიციელებს, „რთულ ვითარებაში, როდესაც კამპანია იყო აგორებული პოლიციის წინააღმდეგ, ბატონმა გომელაურმა შეძლო და ფაქტიურად თავის ადგილზე დააყენა ყველაფერი თავისი სიმშვიდით, თავისი პროფესიონალიზმით, თავისი საქმისადმი ძალიან სწორი პოლიტიკური მიდგომით. და მე დღეს საგანგებოდ ვეუბნები მას მადლობას ასეთი ეფექტური საქმიანობისთვის“.
 
თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე და აღნიშნა, რომ შარშანდელი წელი ქალთა მიმართ „განსაკუთრებული ძალადობის წელი იყო“. „მე მჯერა, რომ პოლიციელები კიდევ უფრო პროფესიონალურად შეძლებენ და ამ უმძიმეს დანაშაულს კიდევ უფრო აქტიურად შეებრძოლებიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.  
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)